ალენ კანინგჰემი WSOP-ის ივენთს ოქროს სამაჯურის გარეშე იგებს
WSOP-ზე, ფულადი ჯილდოს გარდა, მთავარი ორიენტირი ოქროს სამაჯურია. პოკერის ნებისმიერი მოთამაშე მის მოგებაზე ოცნებობს. როგორც ჩანს, ალენ კანინგჰემისთვის სამაჯური ნაკლებად მნიშვნელოვანი ფასეულობაა და ის ტურნირის მოგებაზე უფროა კონცენტრირებული, ვიდრე სახელის მოხვეჭაზე. სხვანაირად ვერ აიხსნება პოკერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშის მიერ WSOP-ის ისეთ ტურნირზე დარეგისტრირება, რომლის პირველი ადგილისთვისაც ოქროს სამაჯური არ გაიცემა.
$250 დოლარიან Deep Stack ივენთზე 298 მოთამაშე დარეგისტრირდა. პირველი ადგილისთვის კანინგჰემმა $14.084 დოლარი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარულმა მოთამაშემ ოქროს სამაჯურის მოგება ვერ მოახერხა, შეიძლება ითქვას, რომ მგსავს ტურნირზე გამარჯვება წარმატებული ზაფხულის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს - კანინგჰემის უკანასკნელი ოქროს სამაჯური 2007 წლით თარიღდება, რაც საკმაოდ დიდი შუალედია WSOP-ის რეგულარისთვის.
ამ მომენტისთვის, ალენ კანინგჰემის ანგარიშზე WSOP-ის 5 ოქროს სამაჯური და ლაივ ტურნირებზე მოგებული $20 მილიონი დოლარი ირიცხება. 2006 წლის WSOP-ის მეინ ივენთზე, მან მე-4 ადგილი დაიკავა, რითიც ყველაზე მეტად მიუახლოვდა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს. იმ წელს, კანინგჰემის მოგებამ $4.000.000 დოლარს მიაღწია. მას შემდეგ, 41 წლის მოთამაშემ კიდევ რამდენიმე ჰაი როლერ ივენთი მოიგო, ექვსციფრიანი ანაზღაურებით.





