დენიელ ქეითსმა ფილ ჰელმუტს Ultimate Bet-ის სკანდალი შეახსენა
ცოტა ხნის წინ, პოკერის სამყაროში სკანდალების სერია აგორდა. ალექს ფოქსენი, ჯასტინ ბონომო, დაგ პოლკი და სხვა დიდი სახელები ცნობილ მოთამაშეებს თაღლითობაში ადანაშაულებდნენ. ბრალდებები ალი იმსიროვიჩს, ჯეიკ შინდლერს და სხვა ცნობილ მოთამაშეებს შეეხებოდათ.
მიმდინარე მოვლენებს, ტვიტერზე, ფილ ჰელმუტი გამოეხმაურა: "ამ ბიჭებმა პოკერი დააზიანეს. მათ სახელებთან დაკავშირებული სკანდალი მილიონობით დამწყებ მოთამაშეს შეაშინებს. წარმოიდგინეთ, ახალგაზრდა მოთამაშე ხართ, თქვენს გმირებს ბაძავთ, ისინი იდეალებად გაიხადეთ და ბოლოს არკვევთ, რომ თაღლითები არიან. თქვენ ახალი პროფესიის ძებნას იწყებთ. გულდასაწყვეტია."
ჰელმუტის ტვიტს მაშინვე უპასუხა დენიელ ქეითსმა: "გახსოვს, იმ მოვლენებს რომ უჭერდი მხარს, რომლებიც ბოლოს სკანდალში გადაიზარდნენ? მაგალითად, Ultimate Bet."
თუ პოკერით ახლა დაინტერესდით და ჯერ არ გაგიგიათ, შეგახსენებთ, რომ ათზე მეტი წლის წინ, Ultimate Bet-ის ონლაინ პლატფორმა, რომლის სახეც ფილ ჰელმუტი იყო, ე.წ. God mode-ის სკანდალში გაეხვა. როგორც მაშინ გახდა ცნობილი, გარკვეულ პიროვნებებს ე.წ. God mode-ის ფუნქცია ჰქონდათ ჩართული, რაც მათ მოწინააღმდეგის კარტის ნახვის საშუალებას აძლევდა. პლატფორმის მომხმარებლებმა რამდენიმე მილიონი დოლარი დაკარგეს.
თავად ფილ ჰელმუტი - მოთამაშე, რომელიც მაშინ Ultimate Bet-ის სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა, თვლის, რომ სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო გამოძიება. ქეითსის პასუხად, ჰელმუტმა ტვიტი გამოაქვეყნა: "Jungle, აქ ორი მნიშვნელოვანი გარემოებაა: 1) მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა მოთამაშეებმა მე მომმართეს, გამოძიების დაწყება მე მოვითხოვე; 2) გამოქვეყნდა აუდიო ჩანაწერები, რომლებმაც დაადასტურეს ჩემი სიმართლე."
რამდენადაც უკანასკნელი ხმაური დენიელ ქეითსის გამოწვეულია, უნდა გავიხსენოთ, რომ თავად ქეითსი არაერთხელ მოყოლილა კრიტიკის ქარცეცხლში არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო. რამდენიმე წლის წინ, ქეითსმა თავად აღიარა, რომ ბილ პერკინსისა და დენ ბილზერიანის წინააღმდეგ ფარულად, სხვისი სახელით თამაშობდა: "ვფიქრობ, რომ უსამართლოა ჩემი გამორჩევა იმ ქმედებისთვის, რაში მონაწილეობაც ყველას მიუღია. მიუხედავად ამისა, მე ვიღებ პასუხისმგებლობას. მე უამრავი გულშემატკივარი მყავს და ჩემი სასჯელი გაცილებით დიდი უნდა იყოს, ვიდრე ეს მოყვარული მოთამაშის შემთხვევაში იქნებოდა."