$10.000 WSOP Short Deck ივენთი ჩენს კორნუთმა მოიგო
2021 წლის WSOP-ზე $10.000 დოლარიანი შორთ დექ ივენთი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც ჩენს კორნუთი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ შორთ დექი, სხვა ტრადიციულ თამაშებთან შედარებით, ახალი გამოგონებაა, ის პოპულარობით თითქმის ულიმიტო ჰოლდემს უტოლდება. თამაშს ჰოლდემის მსგავსი წესები აქვს, თუმცა, ბანქოს დასტიდან ამოღებულია 2, 3, 4, 5 კარტები, რაც თამაშს წარმოუდგენელ დინამიკას აძლევს. მის პოპულარიზაციაში განსაკუთრებული წვლილი Triton-ის სახეებმა - ტომ დუანმა, პოლ ფუამ და ფილ აივიმ შეიტანეს.
ჩენს კორნუთს ამ გამარჯვებამ WSOP-ის მე-3 ოქროს სამაჯური და $194.670 დოლარიანი ანაზღაურება მოუტანა. პირველი ადგილის მოპოვება მან 66 მოთამაშეს შორის შეძლო. აღსანიშნავია, რომ მან თანამედროვეოების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის, სტივენ ჩედვიკის დამარცხებაც შეძლო.
"ძალიან ბევრი დარიგების თამაში გიწევს, - ამბობს კორნუთი შორთ დექზე, - რაც მთავარია, ძალიან აგრესიული უნდა იყო. თუ ულიმიტო ჰოლდემი და ომაჰა კარგად იცი, დამატებითი უპირატესობა გეძლევა, რაც ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო." კორნუთის საერთო სატურნირო შემოსავალი უკვე $10 მილიონ დოლარს აჭარბებს.