WSOP Main Event-ზე ორმა მოთამაშემ დისკვალიფიკაცია მიიღო

2019 წლის WSOP-ის მეინ ივენთმა რამდენიმე დღის წინ აიღო სტარტი. გარდა იმისა, რომ ფილ აივი ტურნირის დაწყებიდან 1 საათში გამოეთიშა თამაშს, მსოფლიო პოკერის მთავარ ღონისძიებაზე კიდევ ერთი უცნაური ამბავი მოხდა: WSOP-ის მეინ ივენთის პირველივე დღეს ორმა მოთამაშემ დისკვალიფიკაცია მიიღო. 

პირველი ინციდენტი იმ მაგიდასთან მოხდა, რომელთანაც 2015 წლის ჩემპიონი, ჯო მაკკიენი თამაშობდა. რამდენიმე მოთამაშის მონახთრობის მიხედვით, გეორგი ბელიანინმა პატარა დარიგება მოიგო, რამდენიმე ჩიპით ბანკში, რომელიც დილერმა მისკენ გააცურა. მოგებულ ჩიპებთან ერთად, ბელიანინმა მისგან მარცხნივ მდებარე სტეკიც მიისაკუთრა, რომლის პატრონიც მაგიდასთან ჯერ კიდევ არ იყო მოსული. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ბელიანინმა მეზობლის სტეკი ღიმილით წაიღო თავისკენ, რაც სხვებმა წარუმატებელი ხუმრობის მცდელობად აღიქვეს. მოგვიანებით, მაგიდასთან WSOP-ის ტურნირების მენეჯერი, ჯეკ ეფელი მივიდა და კანონდამრღვევ მოთამაშეს, ესკორტის თანხლებით, სათამაშო ტერიტორიის დატოვება აიძულეს. მისი სტეკი ანულირებულ იქნა, ხოლო $10.000 დოლარი, რომელიც მან მეინ ივენთში გადაიხადა, რა თქმა უნდა, საპრიზო ფონდში დარჩა. 

როგორც ჯეკ ეფელმა განმარტა, მეინ ივენთზე იმ ჩიპებთან შეხებაც კი აკრძალულია, რომლებიც უშუალოდ მოთამაშეს არ ეკუთვნის. ბელიანინმა კი მთლიანი სტეკი მიისაკუთრა. მაგიდაზე მყოფი მოთამაშეები ამბობენ, რომ ბელიანინი ინგლისურად ცუდად ლაპარაკობდა, ხელში პასპორტი ეჭირა და ნასვამი იყო. მისი აქცენტის აღწერის მიხედვით, სავარაუდოდ, გეორგი ბელიანინი რუსეთის მოქალაქეა. 

მეორე შემთხვევა კიდევ უფრო უცნაური იყო. პირველი დღის საწყის ეტაპზე ერთ-ერთმა მოთამაშემ ბრმა ოლინი გააკეთა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მას Q3 ჰყავდა. ბრმა ოლინი, რა თქმა უნდა, აკრძალული არაა, მაგრამ ოლინის გამოცხადების შემდეგ, მოთამაშე წამოდგა, შარვალი და საცვალი ჩაიხადა, თვალებზე ხელები აიფარა და იყვირა, რომ ბრმა ოლ ინი გააკეთა. სანამ მისი მოწინააღმდეგე ქოლის გაკეთებაზე ფიქრობდა, ოლინის ინიციატორმა სპორტული ფეხსაცმელი გაიხადა და მაგიდის მიმართულებით ისროლა. რა თქმა უნდა, მას მალევე დაატოვებინეს სათამაშო დარბაზი. უცნობია მოტივი, რის გამოც მოთამაშე ასე მოიქცა.  

რუმები

ქართული უცხოური