რატომ აღარ სპონსორდებიან მსოფლიო ჩემპიონები?
ნიშნავს თუ არა ყველაზე პრესტიჟული პოკერის ტურნირის მოგება, ავტომატურ კონტრაქტს რომელიმე დიდ პოკერ რუმთან? გასულ კვირას 'პოკერსტარსმა' კონტრაქტი გააუქმა 2010 წლის WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებულ ჯონათან დუჰამელთან. ფაქტი, თავსითავად, ძალიან უცნაურია, რადგან დუჰამელი ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ეწეოდა პოკერის პოპულარიზაციას. ის კანადელი მოთამაშეებისთვის მისაბაძი ფიგურა, ხოლო ჟურნალისტებისათვის ადვილად ხელმისაწვდომი და გახსნილი ადამიანი იყო. მსოფლიო ჩემპიონები პოკერში არ გამოირჩევიან განსაკუთრებული კარიერული წარმატებით. მხოლოდ რამდენიმე მათგანისგან ჩამოყალიბდა ნამდვილი მოთამაშე, რომელმაც უდიდესი ტურნირის მოგების შემდეგ, კვლავ განაგრძნო აქტიური თამაში. ჯონათან დუჰამელი სწორედ ერთ-ერთი მათგანია. მისი ყველაზე დიდი, თითქმის $9.000.000 დოლარიანი მოგების შემდეგ, დუჰამელმა სატურნირო კარიერას კიდევ $3.800.000 დოლარი და რამდენიმე დიდი ტურნირის ტიტული დაუმატა.
კიდევ უფრო უცნაური ფაქტი არის ის, რომ 'პოკერსტარსმა', რომელიც ერთ დროს მსოფლიო ჩემპიონების სახლი იყო, პროფესიონალთა გუნდში მხოლოდ კრის მანიმეიკერი დატოვა. ჯო ჰეშემი, გრეგ რეიმერი, ჯო კადა და კიდევ რამდენიმე ტიტულოვანი მოთამაშე, უბრალოდ გაქრნენ 'პოკერსტარსის' პროფესიონალთა სიიდან. მარტინ ჯეიკობსონიც კი, ამჟამინდელი მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება, ვისაც WSOP მეინ ივენთი მოუგია, სპონსორის გარეშეა.
რეალურად, ძველი სპონსორშიპის მოდელი მკვდარია! პოკერში წარმატების მიღწევა სულაც აღარაა კონტრაქტის აუცილებელი წინაპირობა. რამდენიმე დასპონსორებული პროფესიონალი, პოკერის პრომოუტერად და სარეკლამო სახედ უფრო შეიძლება ჩაითვალოს, ვიდრე მოთამაშედ. პოკერ რუმთან კონტრაქტი მათთვის ჩვეულებრივი სამუშაოა და არა საამაყო იარლიყი, რომლითაც ადრე თავს იწონებდნენ. შარშან, ჯო ჰეშემმა, 2005 წლის WSOP მეინ ივენთის გამარჯვებულმა, იწინასწარმეტყველა კიდეც, რომ მსოფლიო ჩემპიონობა ფასს დაკარგავდა. მაშინ ჰეშემმა ეს ამბავი ჯეიმი გოლდს და ჯერი იანგს დააბრალა.
ისიც უნდა ითქვას, რომ მოთამაშეთა უმეტესობა არც არის მზად იმისთვის, რომ ზოგადად პოკერის სახე გახდეს და მოიქცეს ისე, როგორც მსოფლიო ჩემპიონს შეეფერება. ყველა დანარჩენ სპორტში, წარმატებული სპორტსმენი ნელ-ნელა, თანდათანობით მიიწევს წარმატებისკენ და გზად სწავლობს, როგორც პუბლიკასთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობას, ასევე მისთვის საჭირო უნარებს, რაც უშუალოდ სპორტში წარმატების მისაღწევად გამოადგება. პოკერში კი ყველაფერი სხვანაირადაა. აქ მსოფლიო ჩემპიონების უმეტესობა მხოლოდ მოყვარულია, რომელიც ფინალურ მაგიდაზე თამაშზე ოცნებობს. ისინი თითქმის ქუჩიდან მოდიან და დიდების ზენიტში ხვდებიან. ასე რომ მათთვის პოკერის პრომოუტინგი და პოპულარიზაცია, მასმედიასთან და ხალხთან ურთიერთობა, საკმაოდ უცნობი ცნებებია.
იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამინდელი მსოფლიო ჩემპიონი, მარტინ ჯეიკობსონი სპონსორის გარეშეა, WSOP-ის მეინ ივენთის მომავალ გამარჯვებულებსაც არანაირ იმედს არ აძლევს. წარმოუდგენელი ამბავი იქნებოდა კრის მანიმეიკერთან კონტრაქტის შეწყვეტა. მისი ამბავი იმდენად მნიშვნელოვანია პოკერის ისტორიისთვის, რომ კონტრაქტის გაწყვეტა, პოკერის სიკვდილის პირველ ნაბიჯად შეიძლება ჩაგვეთვალა.
მიუხედავად ყველაფრისა, ამ მოვლენებს აქვთ თავიანთი დადებითი მხარეები. ერთის მხრივ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ პოკერში დიდი ტურნირის პრესტიჟი ქრება და ყველაფერი ფულის მოგებამდე მიდის, მაგრამ მეორეს მხრივ, პოკერ რუმები დიდ ფულს დებენ პრომო აქციებში, რომლებიც მომხმარებლებისთვისაა გამოსადეგი, სთავაზობენ უკეთეს პირობებს, უკეთეს ტურნირებს, ასპონსორებენ ცნობილ ადამიანებს პოკერის ფარგლებს გარეთ. სიმართლე რომ ვთქვათ, ჰოლივუდის ვარსკვლავს გაცილებით მეტი ადამიანის მოზიდვა შეუძლია სათამაშო მაგიდასთან, ვიდრე პოკერის ცნობილ მოთამაშეს.





