თაღლითობის ბრალდებით იტალიელი მოთამაშე დააკავეს
აპრილის თვის დასაწყისში შარლოტ-მეკლენბურგის პოლიციის დეპარტამენტმა იტალიელი ლუკა პიცინგრილი და სავინ იანტოკი დააკავა. მათ სპეციალური ჰაკერული მოწყობილობების საბანკო ავტომატებზე დამონტაჟებით, სხვადასხვა აპარატებიდან დიდი თანხები გამოიტანეს. ამჟამად ისინი $25 და $30 მილიონი დოლარის, აფიორის გზით მითვისების ბრალდებით არიან დაკავებულები.
შარლოტ-მეკლენბურგის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, ამ ორი ადამიანის დაკავება მოხდა მას შემდეგ, რაც Sun Trust Bank-ის თანამშრომელმა შესაძლო აფიორული საქმიანობის შესახებ ხელმძღვანელობას აცნობა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე, პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განცხადა, რომ ეს იყო პოლიციელების ფანტასტიკური შრომის შედეგი, რადგან დამნაშავეთა დაკავება, ბანკის შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში მოხერხდა.
"პოლიციის ოფიცერმა თავისი თვალით დაინახა, როგორ ამაგრებდნენ სპეციალურ მოწყობილობას საბანკო ავტომატზე. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სპეცოპერაციაა, რომელიც ჩვენ დეპარტამენტს განუხორციელებია. მე ვამაყობთ ჩვენი ოფიცრების ოპერატიულობით, რამაც დანაშაულის დროულად შეჩერება მოახერხა" - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.
პიცინგრილი, იტალიური Asspoker-ის თანახმად, ცნობილი იტალიელი მოთამაშეა, რომელსაც აქტიური შეხება ჰქონდა პოკერის წრეებთან. იგი ცნობილია, როგორც ლაივ ტურნირების მოთამაშე, დაბალ და მედიუმ ლიმიტებზე. პინცინგრილი სპეცოპერაციის დროს, წინააღმდეგობის გაუწევლად ჩაბარდა პოლიციას. ხოლო მისმა რუმინელმა პარტნიორმა მიმალვა სცადა. თუმცა ხანმოკლე ძიების შემდეგ ისიც დაკავებულ იქნა.
შარლოტ-მეკლენბურგის პოლიციის გავრცელებული ცნობის თანახმად, ორი მამაკაცი ბანკომატებზე მცირე ზომის კამერას და ბარათების წამკითხველ მოწყობილობას ამონტაჟებდნენ, რის შედეგადაც ბანკის კლიენტების საკრედიტო ბარათების შესახებ ყველანაირ ინფორმაციას გებულობდნენ. გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) თანახმად, ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომელშიც სავინ იანტოკის ბრალეულობა ჩნდება. სავარაუდოდ ის მსგავს საქმიანობას მანამდეც ახორციელებდა.





