ვენესუელაში ანდერგრაუნდ პოკერი ყვავის
თუ არალეგალური პოკერი გაინტერესებთ, ვენესუელა თქვენი ქვეყანაა. სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრობლემატურ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც დიქტატურას წლების განმავლობაში ებრძვის, ანდერგრაუნდ პოკერი ყვავის.
ცოტა ხნის წინ, Bloomberg-მა ვენესუელაში ვრცელი კვლევა ჩაატარა, რამდენადაც ამის შესაძლებლობას ადგილობრივი რეჟიმი იძლეოდა. მსოფლიოს ეკონომიკურად ერთ-ერთ ყველაზე მძიმე რეგიონში სიტუაცია წარმოუდგენლად დრამატული აღმოჩნდა. ქვეყანაში 5 ლეგალური ადგილია, სადაც სამაგიდო თამაშთან მოხვედრის შესაძლებლობა არსებობს. 5 კაზინოს გარდა, მოსახლეობას ონლაინ პოკერის თამაში შეუძლია, რაც გავრცელებული პრაქტიკაა განვითარებული ქვეყნების საზოგადოებებისთვისაც.
Bloomberg-ის მიმომხილველის მონათხრობით, 2020 წელი განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდა: პანდემიის ფონზე, ქვეყანაში არალეგალური პოკერ-კლუბები გავრცელდა, სადაც მსურველებს ქეშ-გეიმების თამაში შეეძლოთ. როგორც ალექს ვასქეზი ამბობს, უკანონო პოკერ-კლუბები ყველასთვის ცნობილი "საიდუმლოა", რომელზეც სახელმწიფოს რეაქცია არ აქვს.
უფრო მეტიც: ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ასეთ არალეგალურ პოკერ-კლუბთან პოლიციის მანქანა გამოჩნდა, მაგრამ არა რეიდის ჩასატარებლად. კლუბს ადგილობრივი პოლიტიკოსი სტუმრობდა, რომელსაც ფიზიკური ძალის დახმარება დასჭირდა, რაშიც ვენესუელის პოლიცია გამოიყენა - კორუფცია ქვეყანაში არავისთვის არაა უცხო. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმირებულია მსგავსი თამაშების შესახებ. მდიდარი მოთამაშეების ესკორტირებისთვის, ისინი პოკერ-კლუბებთან რეგულარულად პატრულირებენ, რათა მათი უსაფრთხოება უზრუნველყონ.