ქეშ-გეიმი თვითმფრინავში: ტომ დუანი, ფილ აივი, ტონი ჯი და პოლ ფუა დიდ სესიაზე
მალაიზიელმა ბიზნესმენმა და მოყვარულმა მოთამაშემ, პოლ ფუამ თავისი მეგობრები, ფილ აივი და ტომ დუანი საკუთარ თვითმფრინავში გამართულ ქეშ-გეიმზე დაპატიჟა. მიწვეულმა სტუმრებმა მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ მათ წინააღმდეგ ტონი ჯიც ითამაშებდა.
მოთამაშეები PartyPoker-ის მიერ ბაჰამის კუნძულებზე გამართული ფესტივალიდან ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გაფრინდნენ. ვილნიუსი და პოკერი კი წარმოუდგენელია ანტანას გუოგას, იგივე ტონი ჯის გარეშე. პრივატული ქეშ-გეიმის ბაი-ინი $127.000 დოლარს შეადგენდა და როგორც ტონი ჯის 'ტვიტერზე' გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ფულის უდიდესი ნაწილი სწორედ ლიეტუველმა მოთამაშემ მოიგო.
თამაში ჰაერში არ დასრულებულა. ვილნიუსში ჩაფრენის შემდეგ, Casino Olympic Vilnius-ში, ოთხეულს დენი ტენგი შეუერთდა. რა თქმა უნდა, ჰაი როლერები 'შორთ დექს' თამაშობდნენ. "ტომ დუანი და ფილ აივი ძალიან ნიჭიერი ადამიანები არიან, - თბილ სიტყვებს არ იშურებდა ტონი ჯი, რომელიც, როგორც წესი, მოთამაშეების მიმართ ნეგატიური გამონათქვამებით გამოირჩეოდა, - ისინი უკვე პოკერის უფროს თაობას მიეკუთვნებიან და ღვინის მსგავსად, დროსთან ერთად კიდევ უფრო უკეთესები ხდებიან."
ტონი ჯი პროფესიონალური პოკერიდან დიდი ხნის წინ წავიდა. ამჟამად ის პოლიტიკაშია ჩართული, მაგრამ როგორც ფრენისას თქვა, პოლ ფუამ მას პოკერი თავიდან შეაყვარა.