პოსტელის სავარაუდო თაღლითობის ახალი დეტალები- როგორ შეიცვალა ხელი რეალურ დროში?

თუ საოჯახო ქეშ-გეიმის მოწყობა და ინტერნეტში მისი ლაივ სტრიმით გაშვება გადაწყვიტეთ, რამდენიმე კომპანიას შეგიძლიათ მიმართოთ. ერთ-ერთი დიდი ბრენდი, ვინც ასეთ მომსახურებას გაგიწევთ, PokerStars-ია. 

რამდენიმე წლის წინ, სატელევიზიო ქეშ-გეიმებს ESPN-ისა და PokerCentral-ის მსგავსი ტელევიზიები აწყობდნენ. როგორც წესი, ასეთ დროს თამაში წინასწარ იწერებოდა, მონტაჟდებოდა და მაყურებელს მზა პროდუქტად, საინტერესო მომენტების კოლაჟის სახით მიეწოდებოდა. დაგვიანების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მემონტაჟეები სათამაშო მაგიდებზე მიმაგრებული კამერის საშუალებით, მოთამაშეების კარტებს ვიზუალურად აკვირდებოდნენ და ეკრანზე მხოლოდ ამის შემდეგ გამოჰქონდათ. 

დღესდღეობით ეს ყველაფერი შეიცვალა: სპეციალური მოწყობილობა, ყოველგვარი ვიზუალური დაკვირვების გარეშე, კარტზე დატანილ მიკროსქემას კითხულობს და მის იდენტიფიცირებას ციფრული მონაცემების ხარჯზე ახდენს. ამის შემდეგ, მოთამაშეების კარტები ეკრანზე ავტომატურად გამოისახება და მას რაიმე სახის ჩარევა არ ესაჭიროება. PokerGFX ერთ-ერთი ცნობილი კომპანიაა, რომელიც მოთამაშეებს, ტრენერებს და ენთუზიასტ ქეშ-გეიმერებს საოჯახო თამაშების მოწყობაში და მათ ლაივ სტრიმით გადაცემაში ეხმარება. 

სწორედ PokerGFX თანამშრომლობდა Stones Live-თან, რომლის ქეშ-გეიმზეც მაიკ პოსტელის საეჭვო თამაშმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 

PokerNews-ის გუნდი PokerGFX-ის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ენდრიუ მილნერს ესაუბრა და მაიკ პოსტელის სავარაუდო თაღლითობაზე კითხვები დაუსვა. 

"როგორც PokerGFX-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თამაშის უსაფრთხოებაზე ბევრს ვფიქრობ, - ამბობს მილნერი, - დიდ ძალისხმევას ვხარჯავ, რომ თაღლითობა და არაკეთილსინდისიერი ქმედება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. რაც გასულ კვირას გავრცელდა, მსუბუქად რომ ვთქვა, დიდ ინტერესს იწვევს."

როგორც მილნერი ყვება, სათამაშო კარტებზე სპეციალური მიკროსქემებია დატანილი, რომელთა წასაკითხადაც მოთამაშემ კარტი 8 სანტიმეტრიან არეალში უნდა მოათავსოს. იმის გამო, რომ მოთამაშეები ხშირად ივიწყებენ ორგანიზატორების მიერ მიცემულ ინსტრუქციებს, კარტის მაგიდის სწორ ადგილას მოთავსებას მოთამაშეებს დილერი ახსენებს.

კარტებზე დატანილი მიკროსქემის იდენტიფიცირებისთვის მაიკ პოსტელს დიდი მოწყობილობის მიტანა დასჭირდებოდა. ამიტომაც, ენდრიუ მილნერი სავარაუდო თაღლითის მხრიდან უშუალოდ კარტებზე დაკვირვებას ფაქტიურად გამორიცხავს.

"PokerGFX შვეციარიული დანის მსგავსადაა მოწყობილი, - ყვება მილნერი, - ის სხვადასხვა შემთხვევებისთვისაა შექმნილი. ჩვენს სისტემას ბევრი ფუნქცია აქვს, რომელიც საოჯახო ქეშ-გეიმებზე, სატელევიზიო გადაცემებში და პოკერის სკოლებში გამოიყენება. ტექნიკურად შესაძლებელია, რომ მისი არაკეთილსინდისიერი გამოყენება მოხდეს. ეს უშუალოდ თამაშის ორგანიზატორზეა დამოკიდებული. მაგალითად, Photoshop-ის დახმარებით შეგიძლიათ საოჯახო ფოტოს უკეთესი ფერები მიანიჭოთ, მაგრამ ასევე შეგიძლიათ მკვლელობის ამსახველი კადრები დააკორექტოთ და სამხილი გააყალბოთ." 

რაც ენდრიუ მილნერის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, გაშვებული სტრიმის დროს, ეკრანზე კარტის ცვლილებაა. ერთ-ერთ დარიგებაში, 3T75J ბორდზე, მაიკ პოსტელი სრულიად ცარიელი ხელით - 86-ით ძალიან აგრესიულად თამაშობს. მისი სიმამაცე კომენტატორების აღფრთოვანებას იწვევს. მოულოდნელად, ერთ-ერთი კომენტატორი ამბობს, რომ ვინმე ტეილორმა მას ახალი ინფორმაცია მიაწოდა, რომლის მიხედვითაც პოსტელი არა 86-ს, არამედ 98-ს ფლობს, რაც ზემოთაღწერილ ბორდზე უპირობო ნათსია. 

"მე ვადასტურებ, რომ როცა ეკრანზე კარტი გამოჩნდება, მისი ცვლილება შეუძლებელია, სანამ მოცემული გამოსახულების სტრიმი არ დასრულდება. არ არსებობს, ვინმეს სცოდნოდა, რომ მოთამაშის კარტები სწორი ან არასწორი იყო, რადგან მათთან ვიზუალური კავშირი, ან ამ ინფორმაციაზე წვდომა არავის უნდა ჰქონოდა. ვფიქრობ, რომ ოპერატორმა შეცდომა დაუშვა, რადგან ცოტა რომ ეფიქრა, მიხვდებოდა, რომ კარტი ეკრანზე არ უნდა შეეცვალა. ასეთი ცვლილების ახსნა შეუძლებელია. მგონია, რომ ასე ნერვიულობის ნიადაგზე მოიქცა" - ამბობს ენდრიუ მილნერი. 

მაიკ პოსტელის მარტო ყოფნას გამორიცხავს ცნობილი 'იუთუბერი' და ვეტერანი მოთამაშე, დაგ პოლკიც. მისი ვარაუდით, პოსტელის გარდა, საქმეში კომენტატორებიც უნდა ყოფილიყვნენ ჩართულები, რომლებიც ყოველი საეჭვო დარიგების დასაწყისში მაიკ პოსტელის წარმოუდგენლად სწორ თამაშს წინასწარმეტყვლებდნენ და მისი მოგების გამართლებას თავიდანვე ცდილობდნენ. 

რუმები

ქართული უცხოური