სტივენ ჩედვიკმა US Poker Open-ის $25.000 PLO მოიგო

US Poker Open-ის სერიები სტივენ ჩედვიკისთვის უდიდესი წარმატება აღმოჩნდა. გასულ წელს, ბრიტანელმა US Poker Open-ის 8 ტურნირიდან 2-ის მოგება შეძლო. ორი ტურნირის მოგების გარდა, დანარჩენებზე მან მე-2, მე-3 და მე-5 ადგილები დაიკავა. საბოლოო ჯამში, სერიებზე ჩედვიკმა $1.256.650 დოლარი მოიგო და 2018 წლის US Poker Open-ის ჩემპიონი გახდა. როგორც ჩანს, მისი გეგმები არც წელს შეცვლილა.

ამჟამინდელ სერიებზე, ჩედვიკმა 6-დან 4 ივენთის ფინალური მაგიდა ითამაშა, საიდანაც 2-ჯერ ტურნირის მოგება შეძლო. მისი უკანასკნელი გამარჯვება გუშინ დაფიქსირდა, როდესაც ბრიტანელმა $25.000 დოლარიანი პოტ-ლიმიტ ომაჰას ივენთი $351.000 დოლარიანი ანაზღაურებით მოიგო.

ჩედვიკმა ფინალური მაგიდა მასიური ჩიპლიდით დაიწყო, მაგრამ მთელი ყურადღება კერი კატზს ეკუთვნოდა, რომელმაც წინა დღით ალი იმსიროვიჩთან ფინალური ჰედს-აპი წააგო. სწორედ კატზმა იმსხვერპლა ანტონი ზინოს AA-ის შემცველი ხელი, რომელიც ამერიკელის ბექდორ ფლეშთან უძლური აღმოჩნდა. ზინოს შონ რაფაელი მიჰყვა, რომელიც ჩედვიკმა ჩამოიშორა გზიდან. ამის შემდეგ, მთელი 'ბინძური საქმე' კატზმა აიღო საკუთარ თავზე: მან ჯერ ბენ ლემი გააგდო, შემდეგ კი - ტომ მარჩესი. ამ ყველაფერმა კატზს საშუალება მისცა ჩედვიკის სტეკს გათანაბრებოდა და ჰედს-აპი თანაბარი უპირატესობით დაეწყო. 

ფინალური ჰედს-აპი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა - ჩიპებმა რამდენჯერმე გამოიცვალეს პატრონი. ერთ-ერთ მომენტში კერი კატზმა საქმის დასრულება გადაწყვიტა და ტოპ წყვილით სტეკი მაგიდის ცენტრში მოაქცია. ჩედვიკმა დაბალი წყვილითა და ფლეშ დროთი ოპონენტის გამოწვევა მიიღო. ფლეშის დასრულების შემდეგ, სიტუაციას თანაბარი აღარ ეთქმოდა: შორტ სტეკად ქცეულმა კატზმა დარჩენილი ჩიპები JJ-ის იმედად კვლავ მაგიდის ცენტრში შეაცურა. ჩედვიკმა ამჯერადაც დაამარცხა ოპონენტის წყვილი - მან დაბალი სთრეითი მიიღო, რაც სათამაშო დღის დასასრულს მოასწავებდა. 

ღონისძიების დაწყებამდე, US Poker Open-ის ლიდერი შონ ვინთერი იყო, მაგრამ ტურნირის მოგების შემდეგ, ჩედვიკმა 540 ქულით პირველ ადგილზე დაბრუნება მოახერხა. 

რუმები

ქართული უცხოური