£100-იანი სათამაშო ჩიპის მოპარვისთვის უილიამ კასუფმა სპონსორი დაკარგა

კვირის დასაწყისში, WSOP-ის 2018 წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა შონ დიბმა 'ტვიტერზე' უილიამ კასუფს შეუტია. როგორც შონ დიბის პოსტიდან ირკვევა, ბრიტანელი მოთამაშე რულეტის მაგიდასთან £100 ფუნტიან ჩიპს იპარავდა. პოსტს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ბევრი გულშემატკივარი და პროფესიონალი მოთამაშე დიბის წინააღმდეგ გამოვიდა და თქვა, რომ მტკიცებულებების გარეშე მსგავსი ბრალდება ცილისწამებაა და სხვა არაფერი.

მომხდარ ამბავს ცალკე თემა მიეძღვნა "2+2" ფორუმზეც, სადაც თვითმხილველმა დეტალურად აღწერა, თუ როგორ ცდილობდა კასუფი სხვების მიერ დადებული £100 ფუნტიანი ჩიპის ჯიბეში დამალვას. სავარაუდოდ, ფაქტი Grosvenor-ის კაზინოში მოხდა, სადაც პოკერის ბრიტანული სერიები იმართება. რაც მთავარია, რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ, მომხდართან დაკავშირებით თავად უილიამ კასუფმა გააკეთა განმარტება.

"რამდენიმე დღის წინ, მეგობრებთან ერთად რულეტის თამაშის დროს, მთვრალმა, არასწორი გადაწყვეტილება მივიღე, რის გამოც სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ, - წერია უილიამ კასუფის 'ტვიტერზე' გამოქვეყნებულ პოსტში, - მე უკვე მოვუბოდიშე, მაგრამ კიდევ ერთხელ მოვუხდი ბოდიშს ჩემს მეგობრებს, ვინც იმ ღამით ჩემთან ერთად იყვნენ. ამ სამარცხვინო შემთხვევის შემდეგ, მე და ჩემმა ყოფილმა სპონსორმა - Grosvenor Poker-მა გადავწყვიტეთ ოფიციალური ურთიერთობა შეგვეწყვიტა. მე ბოდიშს ვუხდი ჩემს ოჯახს, მეგობრებსა და გულშემატკივრებს. ვეცდები გავაგრძელო ის, რაც საუკეთესოდ გამომდის - ვეცდები, პოკერს კვლავ დავუბრუნო მხიარულება, რათა თამაში უფრო სახალისო და მიმზიდველი გახდეს. მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის."

უილიამ კასუფმა სახელი 2016 წელს გაითქვა, როდესაც WSOP-ის მეინ ივენთის მსვლელობისას მაღალი 9-ით ბლეფი გააკეთა. "Nine high like a boss!" - შესძახა მან, რის შემდეგაც ფრაზა მთელ ამერიკას მოედო. 

რუმები

ქართული უცხოური