გას ჰენსენი: "პირველ რიგში, მე ნარდის მოთამაშე ვარ"
გას ჰენსენის დაბრუნებას უამრავი გულშემატკივარი ელოდებოდა. პოკერის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული და ხმაურიანი მოთამაშე ნელ-ნელა პოპულარობას სულ სხვა მიმართულებით იძენს: მისი Instagram-ის გვერდს უკვე 15.000 გამომწერი ჰყავს. რა თქმა უნდა, მისი მზარდი პოპულარობა რამდენიმეწლიანმა გაუჩინარებამ გამოიწვია.
პოკერის ლეგენდა, რამდენიმე დღის, წინ ჯო ინგრამის ონლაინ პოდკასტში იყო მიწვეული. როგორც ჰენსენმა განმარტა, გაუჩინარება არასწორი სიტყვაა, რადგან ის, უბრალოდ, სატელევიზიო გადაცემებში არ ღებულობდა მონაწილეობას. სამაგიეროდ, მონაკოსა და მონტე კარლოს ძვირადღირებულ თამაშებზე მისი ნახვა ყველას შეეძლო. როგორც დანიელი მოთამაშე გვპირდება, ზაფხულში მონატრების საშუალებას არ მოგვცემს - ის არამხოლოდ ვეგასში დაგეგმილ WSOP-ზე დასწრებას, არამედ ბარსელონაში დაანონსებულ EPT-ის სერიებზე თამაშსაც გეგმავს. "მოწინააღმდეგეებისთვის საკმაო ზიანის მიყენებას ვაპირებ. ამ პერიოდის განმავლობაში საკუთარი თამაშის დახვეწასა და გამოსწორებაზე ვზრუნავდი. ვნახოთ, რა გამომივა."
მართალია Bobby's Room-ში გამართულ პრივატულ სესიებზე ჰენსენმა საკმაოდ რთული ლაინ-აფის პირობებში თანაბარი თამაშის ჩვენება და სოლიდური თანხების მოგება შეძლო, მოთამაშე კვლავ უკმაყოფილოა: "Bobby's Room-ში ისეთი მოთამაშეები იკრიბებიან, როგორებიც დოილ ბრანსონი, ელიორ ზაიონი და დენიელ ქეითსი არიან. ბრანსონი საკუთარ თავს ძველმოდურ მოთამაშეს ეძახის, მაგრამ ბოლო პერიოდში ის საკმაოდ სოლიდურ თამაშს აჩვენებს. დენიელ ქეითსის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი არასტანდარტული სტილიდან გამომდინარე, ძალიან რთულია. საბედნიეროდ, სწორი გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ, გარკვეული უპირატესობის მოპოვება მოვახერხე, მაგრამ ვფიქრობ, ზაფხულისთვის ეს ყველაფერი საკმარისი არ იქნება, რადგან ზაფხულში უამრავი რამ მელოდება."
ჯო ინგრამის კითხვას, თუ რომელია მისი საუკეთესო თამაში - პოტ ლიმიტ ომაჰა, შერეული თამაშები, თუ ჰოლდემი - ჰენსენი შემდეგნაირად პასუხობს: "პირველ რიგში, მე ნარდის მოთამაშე ვარ! დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ნარდს მართლაც კარგად ვთამაშობ. რაც შეეხება პოკერს, Bobby's Room-ში ყველაზე მეტად შერეული თამაშები მომწონს, განსაკუთრებით - ბადუგი, სტადი და ომაჰა ჰაი/ლოუ."