Bobby's Room-ში გას ჰენსენი, დოილ ბრანსონი და დენიელ ქეითსი თამაშობენ
კაზინო Bellagio-ს ლეგენდარულ Bobby's Room-ში, $1.500/$3.000 ლიმიტზე ერთმანეთს პოკერის ვეტერანი მოთამაშეები დაუპირისპირდნენ. თუ საქმე ძვირადღირებულ თამაშებს ეხება, Bobby's Room დასავლეთ ნახევარსფეროში საუკეთესო ადგილად შეიძლება ჩაითვალოს. მიუხედავად ჭარბი ინტერესისა, პოკერის გულშემატკივრებს შიდა სამზარეულოში ჩახედვისა და 'ბობის რუმში' მიმდინარე თამაშზე თვალყურის მიდევნების საშუალება არასდროს ეძლევათ. საბედნიეროდ, ქალაქში გას ჰენსენია!
ჰენსენის მიერ 'ინსტაგრამზე' განთავსებულ ფოტოებში დოილ ბრანსონი, დევიდ ოპენჰაიმი, ელიორ ზაიონი, დენიელ ქეითსი და ენდრიუ რობლი ჩანან. როგორც ცნობილია, 'ბობის რუმში' საწყისი ბაი-ინი რამდენიმე ათეულ ათას დოლარს შეადგენს. ტრადიციულად კი, მოთამაშეები მინიმალურ ბაი-ინზე გაცილებით დიდი თანხით იწყებენ თამაშს. რა თქმა უნდა, თამაშები პრივატულია და სტატისტიკებზე ხელი არავის მიუწვდება.
შეიძლება ითქვას, რომ გას ჰენსენის რამდენიმეწლიანი დაუნსვინგი, როგორც იქნა, დასრულდა. ლეგენდარული მოთამაშე აქტიურად მონაწილეობს ტურნირებსა და ძვირადღირებულ ქეშ-გეიმებში. ცოტა ხნის წინ ის ლეგენდარულ სატელევიზიო გადაცემაში - Poker After Dark-ში გამოჩნდა, სადაც ომაჰას სესიაზე, სულ რაღაც ერთი დარიგებაში $136.000 დოლარი მოიგო. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად წარმატებული იყო ჰენსენის ვოიაჟი 'ბელაჯიოში'.