ლას ვეგასის მსროლელი წარმატებული გემბლერი იყო
როგორც შემოსავლების საერთაშორისო სამსახურის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, ლას ვეგასის ანტიგმირი - სტივენ პედოკი წარმატებული გემბლერი იყო. 2015 წელს, მისმა მოგებამ $5.000.000 დოლარს გადააჭარბა.
NBC New-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია ლას ვეგასის ანტიგმირის, სტივენ პედოკის წარმატებულ სათამაშო კარიერაზე. $5 მილიონი დოლარიდან, უმეტესი წილი კაზინოებში მოგებულ თანხაზე მოდის, თუმცა, გამომძიებლების ინფორმაციით, აზარტული თამაშები პედოკის შემოსავლის ერთადერთი წყარო არ უნდა ყოფილიყო.
New York Times-ის ცნობით, სტივენ პედოკი ლას ვეგასელ გემბლერებს შორის ცნობილი პერსონა ნამდვილად არ იყო, მაგრამ სასტუმროს რეგულარული ვიზისტებისა და ძვირადღირებული მომსახურების გამო, ტრაგიკულ მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე, Mandalay Bay Hotel-ში, მან სასტუმროს ნომერი უფასოდ მიიღო.
გამოძიება სხვა დეტალებსაც ასაჯაროებს: სტივენ პედოკის მიერ დაქირავებულ ოთახში ტელეფონის დამტენი იპოვნეს, რომელიც არცერთ მის ტელეფონთან თანხვედრაში არ მოდის. ამოღებულია ნომრის გასაღები პლასტიკური ბარათი, რომელიც მას შემდეგაა გამოყენებული, რაც მისმა მანქანამ სასტუმროს ავტოსადგომი დატოვა. ნაპოვნია ასევე ჩანაწერები, რომლებიც მედიის წარმომადგენლებს თვითმკვლელობამდე დაწერილი გზავნილი ეგონათ, მაგრამ გამომძიებლების მტკიცებით, ჩანაწერებში ისეთი დეტალებია აღწერილი, როგორიც სასტუმროს ფანჯრიდან საკონცერტო მოედნამდე მანძილია. ჯერჯერობით, კვლავ უცნობია, რა გახდა სტივენ პედოკის მიერ განხორციელებული მასობრივი ჟლეტვის მიზეზი.