ჯონ რეისნერი და დევიდ სინგერი WSOP-სამაჯურებს იგებენ
2010 წლის WSOP Main Event-ის მეორე ადგილოსანმა ჯონ რეისნერმა, როგორც იქნა, WSOP-ის ოქროს სამაჯური მოიპოვა. ამ ამოცანის შესრულებას, რეისნერმა, თითქმის ათი წელი მოანდომა და საბოლოოდ, დამსახურებულად, ერთ-ერთ ყველაზე რთულ ივენთზე, WSOP $10.000 Dealer's Choice-ზე მისთვის ასე ნანატრი ჯილდო მიიღო.
მისი სატურნირო კარიერა $9.5 მილიონ დოლარს ითვლის. აშკარაა, რომ ოქროს სამაჯურს რეისნერისთვის მონეტარულ ღირებულებაზე გაცილებით დიდი ფასი აქვს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ისიც უნდა ითქვას, რომ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეორეადგილოსანმა, ოქროს სამაჯურთან ერთად $273.962 დოლარი მოიგო. Dealer's Choice-ზე გამარჯვება განსაკუთრებულ მოვლენად კი იმიტომ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მსგავსი ივენთები, სადაც რამდენიმე სახეობის პოკერს თამაშობენ, ზოგადად თამაშის განსაკუთრებულ კარგ ცოდნას მოითხოვს. Dealer's Choice-ის ფორმატი საკმაოდ უნიკალური და საინტერესოა: დილერის პოზიციაზე მყოფი მოთამაშე მისთვის სასურველ პოკერის სახეობას ასახელებს, რასაც მთელი მაგიდა თამაშობს. რეისნერს საკმაოდ რთული ოპონენტები ჰყავდა: ფინალურ მაგიდაზე მას მაიკ მატუსოუს, ვიაჩესლავ ჟუკოვისა და კრის კოდნიკის დამარცხება მოუხდა.
ასევე შერეული თამაშების გამარჯვებული გახდა Full Tilt Poker-ის პროფესიონალთა გუნდის ყოფილი წევრი, დევიდ სინგერი, რომელმაც $1.500 დოლარიან H.O.R.S.E. ივენთის პირველი ადგილისთვის $203.709 დოლარი მიიღო. სინგერის კარიერული მოგება $4.4 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. მის გარდა, ფინალურ მაგიდაზე ცნობილი მოთამაშეებიდან მაქს პესკატორი და დევიდ ბეიკერი მოხვდნენ. WSOP-ის ოფიციალური ინფორმაციით, ფინალური ჰედს-აპი დევიდ სინგერსა და კევინ ლამონიკას შორის გაიმართა და გამარჯვებულის გამოვლენას 6 საათზე მეტი დასჭირდა. "რა თქმა უნდა, ჩიპლიდერი გამუდმებით იცვლებოდა, - ყვება სინგერი, - ცუდად არ მითამაშია, მაგრამ დიდ და მნიშვნელოვან დარიგებებში არ მიმართლებდა, რაც ჩემს უკმაყოფილებას იწვევდა. მიუხედავად ამისა, თამაშის სტაბილური სტილის შენარჩუნება მოვახერხე და გამარჯვებაც მოვიპოვე."





