ბრინ კენი PokerStars-ის €100.000 Super High Roller-ს იგებს
მონაკოში მიმდინარე PokerStars Championship-ის ფარგლებში ჩატარებული €100.000 ევროიანი სუპერ ჰაი როლერის გამარჯვებული ბრინ კენი გახდა, რომელმაც პირველი ადგილისთვის €1.784.500 ევრო მიიღო. კენი პირველია, ვინც PokerStars-ის €100.000 ევროიანი, ან $100.000 დოლარიანი ტურნირის გამარჯვებული ორჯერ გახდა.
მომავალმა ჩემპიონმა, ისე როგორც მისმა ჰედს-აპ მეტოქემ, ფინალური მაგიდიდან 3 მოთამაშე გამოაგდო, მაგრამ მიუხედავად ამისა, კენის სტეკი მეორეადგილოსან ვიაჩესლავ ბულდიგინის სტეკს საგრძნობლად აღემატებოდა - "ძალიან სასიამოვნო თამაში იყო. თითქმის ყოველი დარიგება, რომელიც ვითამაშე, ჩემი გამარჯვებით დასრულდა."
ღონისძიებაზე 'მძიმე არტილერია' იყო წარმოდგენილი: ტურნირის ე.წ. 'ბაბლ ბოი' - მონაწილე, რომელიც ერთი ადგილით აცდა საპრიზო ფონდს, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, აიზიკ ჰექსტონი იყო. ის თამაშიდან 2016 წლის Global Poker Index-ის საუკეთესო მოთამაშემ, დევიდ პიტერსმა გააგდო. მე-8 პოზიცია სემ გრინვუდს ხვდა წილად, რომელიც რუსმა ვიაჩესლავ ბულდიგინმა დაამარცხა. ბულდიგინის მსხვერპლი გახდა ასევე ჩეხი მარტინ კაბრელი, რომელიც სახლში €303.350 ევროთი მდიდარი დაბრუნდა.
გარკვეული პერიოდით, რუსმა მოთამაშემ ჩიპლიდის მოპოვება შეძლო, მაგრამ ბრინ კენისთან დიდი დარიგების წაგების შემდეგ, ლიდერობა კვლავ ამერიკელის ხელში გადავიდა. ბულდიგინთან მოგებული დიდი ბანკის შემდეგ, კენიმ სტივენ სონტაიმერი გამოთიშა თამაშს, რომელსაც მალევე მიაყოლა გერმანელი ოლე შემიონი - კენის სტეკი უფრო და უფრო იზრდებოდა. სტეკის ზრდასთან ერთად, კენი საშიში ოპონენტების გზიდან ჩამოშორებას განაგრძობდა: ოლე შემიონის შემდეგ, დევიდ პიტერსის რიგი დადგა, რომელიც შორტსტეკის მიუხედავად ტურნირის მთავარ საფრთხეს წარმოადგენდა. დენიელ დვორესის გაგდება საკუთარ თავზე რუსმა აიღო, რაც ფინალური დუელის დასაწყისს ნიშნავდა.
"ფინალურ მაგიდაზე სამჯერ ვითამაშე ჰედს-აპი, - თქვა თამაშის წინ ბულდიგინმა, - სამივეზე დავმარცხდი." ბრინ კენის 5-1 ჩიპლიდი რუსი მოთამაშის მეოთხე მარცხს მოასწავებდა. მოთამაშეებმა მოლაპარაკება და საპრიზო ფონდის გაყოფა სცადეს, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და თამაში განაგრძეს. საბოლოოდ კენის 22-ით გაკეთებულ ოლ ინს ბულდიგინმა KQ-ით უპასუხა, მაგრამ ფლოპზე მიღებულმა სეტმა კენის გარანტირებული გამარჯვება მოუტანა. "მონაკოში კარგად არასდროს მითამაშია, - თქვა გამარჯვებულმა, - სასიამოვნოა, რომ ეს ტრადიცია დავარღვიე."





