კანადის მთავრობამ მოხუცთა თავშესაფარში პოკერის თამაში აკრძალა
როგორც ონლაინ გამოცემები აფასებენ - თანაგრძნობის არქონის გამო, კანადის ხელისუფლებამ რიჩმონდში არსებულ მოხუცთა თავშესაფარში პოკერის ყოველკვირეული ტურნირი აკრძალა. ტურნირი სახელწოდებით Dime A Chip (ათცენტიანი ჩიპი) კვირაში 2-3-ჯერ ტარდებოდა და თითოეული ჩიპის ღირებულება სულ რაღაც ¢10 ცენტით განისაზღვრებოდა. აშკარაა, რომ თანხა სიმბოლურია.
ტურნირს თავშესაფრის ბინადრები ესწრებოდნენ, რომელთა ასაკი 55-დან 95-მდე მერყეობს. ყოველ კვირას, 40-მდე ადამიანს შესაძლებლობა ეძლეოდა საკუთარი ძალები პოკერში მოესინჯა, მათემატიკური უნარები გაევარჯიშებინა, რაც მეხსიერების განვითარებისა და ალცჰაიმერის დაავადების თავიდან აცილების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საშუალებას წარმოადგენს. გარდა პრაქტიკული დანიშნულებისა, პოკერის ტურნირები თავშესაფრის ბინადრებს გართობისა და ახალგაზრდული შემართების გამოცდის საშუალებას აძლევდა. გასული წლის ნოემბერში კანადის აზარტული თამაშების მარეგულირებელი ორგანო ერთ-ერთმა მომჩივანმა გააფრთხილა, რომელიც სავარაუდოდ მოხუცთა ცენტრის წევრი უნდა იყოს. გასულ კვირას კი ცენტრმა წერილი მიიღო, რომლის მიხედვითაც მათ ყოველგვარი აზარტული თამაშის შეწყვეტა მოეთხოვებოდათ.
"მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ეს ადამიანები ხანშიშესულები არიან, ან სათამაშო თანხა სიმბოლურია, ჩვენ აზარტული თამაშების ნებართვას ვერ გავცემთ" - ამბობს ქალაქ რიჩმონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ტედ ტაუნსენდი.
"სახლში დიდი ხნის განმავლობაში მარტო ვიყავი. ბოლოს უბრალოდ სახლიდან გასვლა მომინდა. პოკერის ტურნირი გართობის კარგ შესაძლებლობას იძლევა, - ამბობს პენსიონერი ჩარლზ მაკლაფლინი, - თუ ვინმე პოკერს თამაშობს, ყველას ეცოდინება, რომ თუნდაც მცირე თანხას გაცილებით მეტი ხალისისა და ხიბლის შეტანა შეუძლია თამაშში".