PartyPoker Live Millions-ის მთავარი ღონისძიება მარია ლამპროპულოსმა მოიგო
ნოტინგემში გამართული PartyPoker Live MILLIONS Dusk Till Dawn-ის მეინ ივენთის გამარჯვებული არგენტინელი მარია ლამპროპულოსი გახდა, რომელმაც პოკერის ისტორიაში ახალი და მნიშვნელოვანი მონაკვეთი ჩაწერა. "მგონია, რომ არარეალურ სამყაროში ვარ, - თქვა ჩემპიონმა, - ასეთი ფინალური მაგიდის შემდეგ საკმაოდ დაღლილი ვარ და ჯერაც ვერ გამიაზრებია რა მოხდა. ხვალ ალბათ ყველაფერს სხვანაირად აღვიქვამ. ჩემს მოწინააღმდეგეს საპრიზო ფონდის გაყოფა არ სურდა, რადგან საკუთარ ძალებში დარწმუნებული იყო. ალბათ იმიტომ, რომ მოწინააღმდეგე ქალი ჰყავდა. საკუთარი თამაშის მიმართ ნდობა არც მე მაკლდა, ამიტომაც თამაშის გაგრძელებას დავთანხმდი."
პირველი ადგილისთვის მარია ლამპროპულოსმა £1.000.000 ფუნტ სტერლინგი მიიღო. "რა თქმა უნდა, ძალიან ამაყი ვარ! ტურნირის მსვლელობის დროს ქალბატონებისგან აშკარა მხარდაჭერას ვგრძნობდი, ხოლო ტურნირის დასრულების შემდეგ მათ თვალებში უდიდესი სიხარული ჩანდა."
ტურნირის საპრიზო ფონდმა £6.017.395 ფუნტ სტერლინგი შეადგინა, რაც მოწინავე 253 მოთამაშეზე უნდა გადანაწილებულიყო. ივენთის რამდენიმედღიანი მსვლელობის შემდეგ, რომლის დროსაც უამრავი სატელიტი და ონლაინ საკვალიფიკაციო ღონისძიება გაიმართა, ფინალურ მაგიდასთან 8 მოთამაშე დარჩა. ჰედს-აპამდე მისვლას 5 საათზე მეტი დასჭირდა. საბოლოოდ, ფინალურ დუელში მარია ლამპროპულოსი და ბრიტანელი ჯეიკობ მიულჰერნი დარჩნენ, 79 და 77 ბიგ ბლაინდიანი სტეკებით. უნდა ითქვას, რომ დონკასტერელმა მოთამაშემ არგენტინელ მეტოქეზე საკმაოდ მძიმე იერიში მიიტანა. შეტევა და თავდაცვა 40 წუთი გაგრძელდა, რაც საბოლოოდ KK-ით შეიარაღებული ლამპროპულოსის ოლ ინით და მიულჰერნის AQ-ით ქოლით დასრულდა.
"შემეძლო ბოლო დარიგება ასე არ მეთამაშა, - ამბობს ჯეიკობ მიულჰერნი, - მაგრამ AQ-ის გადაყრა ჰედს-აპ სიტუაციაში საკმაოდ გამიჭირდებოდა. არ მეგონა, რომ ამხელა სტეკს ჩემი მეტოქე KK-ით გარისკავდა. ბევრად სუსტი ხელით ბლეფის მცდელობა მეგონა. თუმცა, ეს ყველაფერი $22 დოლარიანი სატელიტით დაიწყო და საწუწუნო არაფერი მაქვს. დაუჯერებელია, რომ აქამდე მოვედი." ბრიტანელმა მოთამაშემ მეორე ადგილისთვის £650.000 ფუნტ სტერლინგი მიიღო.





