პოკერის მოთამაშეს $31.000.000-იანი თაღლითური სქემის გამო 8 წელი მიესაჯა
გასულ კვირას ტრეველ ტომასის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართა. შეერთებული შტატების სასამართლომ 38 წლის ბუფალოელი მოთამაშის, ტრეველ ტომასის საქმე განიხილა, რომელსაც ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და ძვირადღირებული თაღლითური საქმიანობის ბრალდება დაუმტკიცდა.
როგორც ირკვევა, ტომასის კომპანიის თანამშრომლები ამერიკული მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენებს უკავშირდებოდნენ და ფედერალური აგენტების სახელით ეცნობოდნენ. სასამართლოში ჩივილისა და სახელმწიფო ორგანოებთან გართულებული ურთიერთობის თავიდან ასაცილებლად, ტომასის კომპანიის წარმომადგენლები მსხვერპლს სოლიდური მოსაკრებლის გადახდას აიძულებდნენ. გამოძიების მიხედვით, კარგად გათვლილი სქემის შედეგად თაღლითებმა $31.000.000 დოლარის აკუმულირება მოახდინეს, რაც ძირითადად ტრეველ ტომასის ძვირადღირებულ ცხოვრებას, გარკვეულწილად კი მის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას მოხმარდა. ცნობილია, რომ ტომასის სატურნირო კარიერა WSOP Circuit-ის 2 ოქროს ბეჭედს და $500.000 დოლარამდე მოგებას ითვლის.
ფედერალურმა აგენტებმა, რომლებიც თაღლითებისგან განსხვავებით გამოძიების ფედერალური ბიუროს რეალურ თანამშრომლებს წარმოადგენდნენ, ტრეველ ტომასის საქმიანობის შესწავლა 2015 წლიდან დაიწყეს. იმავე წელს მტკიცებულებები სასამართლოს წარედგინა, თუმცა მაშინდელი გადაწყვეტილებით ტომასი გამართლდა. ხუთშაბათს გამართულ სასამართლო პროცესზე კი ტომასს 100 თვიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა გარკვეული შეღავათის სახით, სასჯელის მოხდას ის სექტემბრიდან დაიწყებს.





