ბრინ კენი მოთამაშეებს PokerStars-ის წინააღმდეგ ამხედრებს
მიუხედავად მოთამაშეების მომღიმარი სახეებისა, რომელთა ნახვაც პოსტერებზე და ონლაინ ჟურნალების გვერდებზეა შესაძლებელი, კულისებს მიღმა სიტუაცია ბევრად დაძაბული და დრამატულიც შეიძლება აღმოჩნდეს. მოთამაშეები სულ უფრო და უფრო ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას მსოფლიოს უდიდესი პოკერ-რუმის, PokerStars-ის მიმართ.
რამდენიმე დღის წინ, თანამედროვე პოკერის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, Global Poker Index-ის რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფმა ბრინ კენიმ, 'ფეისბუქის' საკუთარ გვერდზე PokerStars-ის პოლიტიკა გააკრიტიკა და რუმის მიერ დაწესებულ გადასახადებზე ისაუბრა. როგორც ჩანს, კენის 'პოკერსტარსის' ტურნირების სტრუქტურა, რეიკი, მოთამაშეებისთვის დაწესებული დამატებითი გადასახადები და წინასწარ განსაზღვრული საპრიზო თანხების შემდგომი ცვლილებები მიაჩნია უმთავრეს პრობლემებად, რომლებზეც, მისი აზრით, ხმას არავინ იღებს. ბრინ კენიმ სხვა ცნობილ მოთამაშეებს 'პოკერსტარსის' ტურნირებისთვის ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდა და სანაცვლოდ სხვა ორგანიზატორების მიერ გამართულ ტურნირებში მონაწილეობა შესთავაზა.
კენის სიტყვებს უამრავმა მოთამაშემ დაუჭირა მხარი. მათ შორის იყო მარკ რადოია, რომელმაც PokerStars Panama Championship-ის ნაცვლად, Hard-Rock Poker Showdown-ის ღონისძიება აირჩია. კრის ჰუნიკენმა, რომელიც 'სტარსის' ტურნირების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეგულარია, იგორ კურგანოვს და PokerStars-ის პროფესიონალთა გუნდის სხვა წევრებს სთხოვა დახმარება, მაგრამ ისიც აღნიშნა, რომ 'სტარსის' ადმინისტრაცია დაქირავებულ მოთამაშეებს ყურს არ უგდებს და ამისთვის ფართომასშტაბიანი ბრძოლაა სააჭირო.
ინგლისელი მულტიმილიონერი ბიზნესმენი და ჰაი სტეიკს რეგულარი, პოლ ნიუი კი გაცილებით კატეგორიული იყო: "რა თქმა უნდა, PokerStars-ის მიერ ორგანიზებულ ტურნირებს სულ უფრო მცირე რაოდენობით ვითამაშებ. პანამაში ჩატარებული ტურნირების სერია სრული კრახი იყო. ცუდი მომსახურება, საშინელი სასტუმრო, 5.5%-იანი გადასახადები, ქეშ-გეიმებზე საკომისიო ყოველგვარი ლიმიტის გარეშე, საშინელი საჭმელი, დაბალი ხარისხის ინტერნეტი - ეს იყო PokerStars-ის მიერ შემოთავაზებული პირობები. სასტუმროს ნომერში, რომელსაც სააბაზანო ჰქონდა, მხოლოდ ერთი ღამისთვის $500 დოლარი მომთხოვეს."
EPT-ის ჩემპიონის ტიტულისა და WSOP-ის 2 ოქროს სამაჯურის მფლობელის, კევინ მაკფის მოსაზრებით, Amaya ერთ დროს საუკეთესო პოკერ-რუმს სრული დაცემისკენ მიაქანებს.





