პატრიკ ანტონიუსი და ფედორ ჰოლცი სამოდელო ბიზნესში ერთვებიან

პოკერის ლეგენდა, პატრიკ ანტონიუსი და გერმანელი ვუნდერკინდი, ფედორ ჰოლცი სამოდელო საქმიანობაში ერთვებიან. მათ ტანსაცმლის ძვირადღირებულ ბრენდთან, Noëtics-თან გააფორმეს კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ფედორ ჰოლცი ბრენდს სატურნირო ივენთებზე წარადგენს, ხოლო ანტონიუსი - ქეშ-გეიმებზე. 

პატრიკ ანტონიუსის ასეთი ნაბიჯი მის დებიუტად ვერ ჩაითვლება - სანამ ის პოკერში გამოჩნდებოდა და იმ ადგილს დაიმკვიდრებდა, რაც მას დღეს დამსახურებულად უჭირავს, ანტონიუსს ჩოგბურთელის კარიერა ჰქონდა. რამდენად წარმატებული - ეს სხვა საქმეა. ზურგის ტრავმის გამო, ის იძულებული გახდა აქტიური სპორტისთვის თავი დაენებებინა, მაგრამ ფიზიკური მონაცემები მას სამოდელო ბიზნესში შესვლის საშუალება აძლევდა. სწორედ მოდელის საქმიანობამ მოუტანა მას ფინანსური სტაბილურობა, რამაც პოკერის ელიტარულ დონეზე თამაშის შესაძლებლობა მისცა. დღესდღეობით ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და, ამავდროულად, ყველაზე საშიშ მოთამაშედ ითვლება. 

ფედორ ჰოლცისთვის კი სამოდელო სამყარო ნამდვილი სიახლე იქნება. გერმანელმა მოთამაშემ, რომელმაც წელიწადნახევრის განმავლობაში $15.000.000 დოლარზე მეტი მოიგო, პოკერისთვის თავის დანებება გადაწყვიტა. მიუხედავად ამისა, მისი ნახვა ტურნირებზე დღემდეა შესაძლებელი. შეიძლება თუ არა ჰოლცმა ანტონიუსის გზა გაიაროს, ამჯერად პირიქით - პროფესიონალი მოთამაშის კარიერიდან მოდელამდე - რთული სათქმელია, მაგრამ ჰოლცის სურვილი, თავი სრულიად ახალ სფეროში მოესინჯა, ნამდვილად ახდა. 

სიმართლე რომ ითქვას, ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როდესაც პოკერის მოთამაშე ტანსაცმლის ბრენდს წარადგენს: ფილ ჰელმუტი თავის საფირმო ქუდებს უშვებს; ენდრიუ ლიჰტენბერგერი - იოგას ტანსაცმელს; ფილ ლააკი რეკლამას უკეთებს კაპიუშონების ქსელს და ა.შ. რაც შეეხება Noëtics-ს, ბრენდი მართლაც ჰაი სტეიკს გემბლერებისთვის იქნება განკუთვნილი: სპორტული კაპიუშონი, რომელიც სპეციალურად პოკერის მოთამაშეებისთვის ხელით იქმნება, €215 ევრო ეღირება. მამაკაცის პერანგის ფასი €80-€100 ევროს შორის მერყეობს. 

რუმები

ქართული უცხოური