პაი გოუ პოკერის მოთამაშეს თაღლითობისთვის ბრალი წარედგინა
ვაშინგტონის შტატის პოლიციამ ლინვუდში მცხოვრები 43 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც ბრალი თაღლითობისთვის და ქურდობისთვის წარედგინა. შტატის პროკურატურისა და საგამოძიებო ორგანოების განცხადებით, ეჭვმიტანილი გასული წლის მარტიდან სექტემბრამდე რამდენიმე კაზინოს ესტუმრა და თაღლითური სქემის ამუშავების შემდეგ, სოლიდური თანხის მითვისება შეძლო.
ბრალდებული პაი გოუ პოკერის მაგიდებთან ჯდებოდა და დიდძალი ფულის მოგებას ახერხებდა. პაი გოუ ჩინური პოკერის ნაირსახეობაა, როდესაც მოთამაშეს ერთ ხელში 5 კარტი, მეორეში კი 2 ურიგდება. მიღებული კომბინაციებიდან 5 კარტიანი ხელი უპირატესი უნდა იყოს 2 კარტიანთან. ამასთან ერთად, მისი ორივე ხელი უნდა უგებდეს დილერისთვის დარიგებულ ხელებს. როგორც ლოკალური გამოცემა წერს, თაღლითი რამდენიმე არეულ და ჩახლართულ ფსონს აკეთებდა, რაც თამაშის მსვლელობას ართულებდა და დილერის კონცენტრაციას მოითხოვდა. შედეგად, დილერს ყურადღება ფსონების განაწილებაზე გადაჰქონდა და მოთამაშეს ნაკლებ ყურადღებას უთმობდა. თაღლითი კი ერთი ხელიდან მეორეში კარტების გაცვლას ახერხებდა, რითიც ორივე ხელის გაუმჯობესება იყო შესაძლებელი.
პირველი ეჭვები გასული წლის მარტში გაჩნდა, როდესაც Royal Casino-ს დილერმა თავის ზემდგომებს მოთამაშისადმი დამატებითი ყურადღების მიპყრობა მოითხოვა. კაზინოს ადმინისტრაციამ მოთამაშეს დარბაზში დამონტაჟებული კამერებით დაუწყო თვალთვალი, რის შედეგადაც მისი მოქმედების სქემა ნათელი გახდა. როგორც სპეციალური აგენტი დენი ლისა ამბობს, თაღლითის მიერ ხელიდან ხელში კარტების გადაცვლა მას წარმოუდგენლად დიდ და ამავდროულად არასამართლიან უპირატესობას ანიჭებდა. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის განმავლობაში ბრალდებულმა მხოლოდ $7.000 დოლარამდე მოიგო, კაზინოს მეპატრონეების განცხადებით, აღნიშნული პიროვნება მათ სათამაშო დაწესებულებებს უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში რეგულარულად სტუმრობდა. ამჟამად ბრალდებული თავდებითაა გამოშვებული, რადგან ბრალი მისთვის ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებიათ.





