ფილ გალფონდის $250.000 დოლარიანი ვალი
დაახლოებით ერთი წლის წინ, მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ონლაინ გამოცემამ - PokerNews - ფილ გალფონდის სტატია გამოაქვეყნა, სადაც ლეგენდარულმა მოთამაშემ სემუელ ტუილისთვის მიცემულ ფულზე ისაუბრა, რომლის დაბრუნებაზეც მევალე უარს ამბობდა. ერთი წლის შემდეგ ფილ გალფონდი 'ტვიტერის' მეშვეობით ყველას ატყობინებს, რომ ტუილმა მისი ვალი სრულად აანაზღაურა.
PokerNews-ზე გამოქვეყნებული ისტორია იმით იწყებოდა, თუ როგორ გაიცნო ფილ გალფონდმა სემუელ ტუილი, როგორც ყველაზე წარუმატებელი და წამგებიან მოთამაშე. როგორც აღმოჩნდა, ტუილი, პოკერის გარდა, ბაკარასაც ხშირად თამაშობდა და პოკერზე გაცილებით დიდ დანაკლისს ღებულობდა. ამიტომ ვალის აღება და ბანკროლის განახლება უცხო ხილი არასდროს ყოფილა. ერთ-ერთი ასეთი თამაშის დროს, როცა ტუილს კვლავ შემოაკლდა ფული, დახმარება მას ფილ გალფონდმა აღმოუჩინა და სათამაშოდ $250.000 დოლარი მისცა. ტუილმა მხოლოდ $50.000 დოლარი დააბრუნა და თქვა, რომ გალფონდის ვალი სრულად იყო დაფარული.
როგორც PokerNews-თან მიცემულ ინტერვიუში გალფონდმა აღნიშნა, ამ ამბის გახმაურების მიზანი გალფონდისადმი თანაგრძნობის გაღვივება და მოთამაშეების ყურადღების მიქცევა არ ყოფილა. ეს ყველაფერი მან მხოლოდ მოსალოდნელი გაუგებრობისა და რისკების თავიდან ასაცილებლად გააკეთა, რადგან სხვა მოთამაშეები მსგავსი თაღლითობისგან დაეცვა. გალფონდმა სხვებსაც მოუწოდა ხმამაღლა ესაუბრათ იმ მოთამაშეებზე, რომლებსაც ვალების დაბრუნება არ სურდათ. ფულის სესხება და დაბრუნება გემბლერების წრეში უცხო მოვლენას ნამდვილად არ წარმოადგენს. ლეგენდარულ Bobby's Room-შიც კი უამრავი მსგავსი ისტორია დატრიალებულა ფილ აივის, დოილ ბრანსონის, დენიელ ნეგრანუსა და სხვა ცნობილ მოთამაშეებს შორის, მაგრამ მათ ერთმანეთისთვის იმედი არასდროს გაუცრუებიათ. გალფონდის ასეთი ბრალდება კი მართლაც მძიმედ ჟღერდა, რაც პოკერის მაღალ წრეებში დიდ სირცხვილად ითვლება.
ფილ გალფონდს, ამ შემთხვევაში, ოპონირება ჰაი სტეიკს რეგულარმა - ჯეისონ მომ გაუწია, რომელიც გალფონდს მსგავსი განცხადების გაკეთებისთვის აკრიტიკებდა. ჯეისონ მოს თქმით, PokerNews-ის მსგავს რეიტინგულ გამოცემაში ასეთი სტატია მორალურად გაუმართლებელი იყო, რადგან გალფონდის რეპუტაციის გათვალისწინებით დიდი გამოცემები მას თავისუფლად მისცემდნენ აზრის გამოთქმის საშუალებას, ხოლო სემუელ ტუილს არავინ მოუსმენდა. სრული სურათის წარმოსადგენად კი ორივე მხარის მონაცემები იყო საჭირო და არა მხოლოდ ისტორიის გალფონდისეული ვერსია. ჯეისონ მო იმასაც უსვამდა ხაზს, რომ ფილ გალფონდს სხვა მევალეებიც ჰყავდა, რომელთა დასახელებისგან მოთამაშე თავს იკავებდა, რადგან მათი სახელების ხმამაღლა გაჟღერების შემთხვევაში ფულის დაბრუნების შანსი კიდევ უფრო შემცირდებოდა. ტუილთან კი ყველანაირი მცდელობის შემდეგ, გალფონდს ერთადერთი მისი სახალხოდ მხილების იმედიღა უნდა ჰქონოდა. სიმართლის გარკვევას კიდევ უამრავი დეტალი სჭირდება, მაგრამ ჯეისონ მოს პროგნოზი სრულად გამართლდა: ერთი წლის შემდეგ სემუელ ტუილმა ფილ გალფონდის ვალი სრულად დაფარა.





