მამაკაცმა დენიელ ნეგრანუს ხელმოწერა სვირინგად აქცია
თავბრუდამხვევი კარიერის მიუხედავად, დენიელ ნეგრანუს პოპულარობას საფრთხე შეექმნა, რომელიც მისი რამდენიმე თვის წინანდელი განცხადებებით იყო გამოწვეული. ნეგრანუ PokerStars-ის მიერ რეიკის გაზრდისა და VIP სისტემის შეცვლის თაობაზე განმარტებას აკეთებდა და პოკერ-რუმის მიერ მსგავსი ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობას უსვამდა ხაზს. PokerStars-ის მომხმარებლებმა კი ლეგენდარული მოთამაშის მსგავსი რიტორიკა, 2+2 ფორუმზე, საკმაოდ ღიად და უხეშად დაგმეს და უამრავი უარყოფით ეპითეტით შეამკეს, რომელიც პოკერის მოთამაშის ღირსებებს აშკარად აკნინებდა და მის სათამაშო მიღწევებს ეჭვქვეშ აყენებდა.
შესაძლოა, ნეგრანუსთვის მცირედი შვება აღმოჩნდეს ბოლო დროს მომხდარი ფაქტი - ნორვეგიელმა პოკერის მოთამაშემ, ტონი ოსტბიმ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი მოთამაშის ავტოგრაფი ფეხზე ამოისვირინგა, WSOP-ის სამაჯურთან ერთად, რომელსაც ნეგრანუს მეტსახელი - KidPoker ამშვენებს. საინტერესოა თავად ნეგრანუს რეაქცია, მაგრამ მსგავს ფაქტს მის ცხოვრებაში ადრეც ჰქონია ადგილი, როდესაც 2010 წელს WSOP-ის ფესტივალზე ნეგრანუს მიერ ქალის წელზე გაკეთებული ავტოგრაფი, ერთი წლის შემდეგ სვირინგად იქცა.






