ავსტრალიურ ონლაინ პოკერს საფრთხე ემუქრება
სავარაუდოდ, ავსტრალიურ პოკერს იმ პერიოდის გამოვლა მოუწევს, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ე.წ. "შავი პარასკევის" შემდეგ გამოიარა. ქვეყნის პარლამენტი 2011 წელს მიღებულ კანონში შესწორების შეტანას გეგმავს, რაც ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ უამრავ ონლაინ ოპერატორს ხელ-ფეხს შეუკრავს. მათ შორისაა მსოფლიოს უდიდესი პოკერ-რუმი - PokerStars.
როგორც PokerStars-ის მფლობელი კომპანიის, Amaya-ს აღმასრულებელი დირექტორი - დენიელ სებაგი ამბობს, თუ ავსტრალიის პარლამენტი აღნიშნულ კანონმდებლობაში ცვლილებებს შეიტანს, PokerStars იძულებული იქნება რუმის ავსტრალიელი მომხმარებელი დაბლოკოს და საიტზე თამაში აუკრძალოს. ისიც უნდა ითქვას, რომ ავსტრალიური "შავი პარასკევი" მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ჭორები PokerStars-ის ქვეყნის ბაზრიდან გამოსვლის შესახებ დიდი ხანია ვრცელდება. ასეთი ხმების პირველი მიზეზი წლის დასაწყისში გახდა ცნობილი, როდესაც PokerStars-მა ავსტრალიური ფესტივალის Aussie Millions-ის სპონსორობაზე უარი თქვა. პოკერის ავსტრალიური ფესტივალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული და მასშტაბური მოვლენაა, რომელიც სათამაშო ინდუსტრიის უდიდესი ავტორიტეტების ყურადღებას იქცევს. PokerStars-ის მიერ კი ასეთი მოვლენის სპონსორობაზე უარის თქმამ უამრავი ეჭვი გააჩინა.
"ავსტრალიელ მოთამაშეებს, ქვეყნის ამჟამინდელი კანონმდებლობის გათვალისწინებით, იმ თამაშებს ვთავაზობთ, რომლებიც უშუალოდ მოთამაშეებს შორის იმართება და არა კაზინოს წინააღმდეგ, - ამბობს Amaya Inc.-ის აღმასრულებელი დირექტორი დენიელ სებაგი, - თუ პარლამენტი აზარტულ კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას გეგმავს, ჩვენ იძულებულები ვიქნებით ავსტრალიური ბაზარი დავტოვოთ."





