ტომ დუანი Triton Super High Roller-ზე გამოჩნდა
უკვე რამდენიმე წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლეგენდარული ჰაი სტეიკს გრაინდერი, და ბევრისთვის პოკერის საუკეთესო მოთამაშე, ტომ დუანი ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. მედია სივრციდან durrrr-ის აორთქლებამ უამრავ ჭორს დაუდო საფუძველი, რომელთა შორის მისი ჩინურ მაფიასთან თანამშრომლობა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.
როგორც ცნობილი ხდება, ტომ დუანი ფილიპინებში იმყოფება, Triton Super High Roller Series-ის ფესტივალზე, სადაც ერთ-ერთი ძვირადღირებული ტურნირის პირველი დღე, მან, ჩიპლიდერის პოზიციაზე დაასრულა. სანამ დუანი რეპორტიორებთან გამოჩენისგან თავს იკავებს, მის შესახებ Poker King Club-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, უინფრედ იუმ ისაუბრა და ლეგენდარული მოთამაშის შესახებ გავრცელებული ჭორების გაქარწყლებას შეეცადა: "ტომს აზიურ პოკერის სამყაროში ყველაზე ძვირადღირებულ თამაშებზე დასწრების უფლება აქვს, რასაც ის აქტიურად იყენებს. ეს უფლება მას სწორედ მისი პიროვნული თვისებების გამო მიენიჭა - ტომი ყველასთვის მისაღები ოპონენტია, რადგან ის არცერთი მასშტაბის თამაშზე არ ამბობს უარს. ბევრი უცნაური ისტორია გამიგია იმის შესახებ, თუ როგორ მოიტაცეს ტომ დუანი, ან როგორ გახდა ჩინური ტრიადების წევრი... ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სისულელეა!"
Triton Super High Roller-ის $500.000 დოლარიან (ჰონგ კონგური დოლარი) ტურნირზე, ერთ მაგიდაზე ტომ დუანი და მისი ძველი მეტოქე - დენიელ ქეითსი აღმოჩდნენ. თუ ვინმეს მათი დაძაბული ურთიერთობის განვითარება აინტერესებს, რომელიც სწორედ გადადებული Durrrr Challenge-ის გამო წარმოიშვა, შეიძლება ითქვას, რომ ისტორიულ მოწინააღმდეგეებს საკმაოდ ნორმალური და კარგი ურთიერთობა აქვთ. ყოველ შემთხვევაში, ტურნირის მსვლელობისას მათ შორის გამართული მეგობრული დიალოგის მიხედვით ასეთი დასკვნის გაკეთებაა შესაძლებელი.
Poker King Club, უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში, ტომ დუანთან აქტიურად თანამშრომლობს. დუანს წვდომა აქვს მანილაში, მაკაუში და ზოგადად ფილიპინებსა და ჰონგ კონგში ყველაზე ძვირადღირებულ თამაშებზე. Poker King Club-ის დახმარებით, დუანი მულტიმილიარდერ ბიზნესმენებთან მრავალსაათიანი სესიების თამაშს ახერხებს. რამდენიმე წლის წინ ისიც კი გახდა ცნობილი, რომ FullTiltPoker-ის ეპოქის ყველაზე საშიშმა მოთამაშემ ჩინურის მასწავლებელი აიყვანა, რათა მანჯურიულ ენას დაუფლებოდა.





