ნიუ ჯერსიში ჩედ ბრაუნის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ტურნირი გაიმართა
ხუთშაბათ საღამოს, Atlantic City Resorts Casino-ში, პოკერის ვეტერანი მოთამაშის, ჩედ ბრაუნის ხსნოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ტურნირი გაიმართა, რომლის წამყვანის ამპლუაში PokerStars-ის სახე, დენიელ ნეგრანუ მოგვევლინა. ღონისძიება PokerStars-ის მიერ იყო ორგანიზებული და მიზნად ისახავდა არამხოლოდ ლეგენდარული მოთამაშის გახსენებასა და პოკერის ინდუსტრიის ცნობილი სახეების შეკრებას, არამედ TJ Martell Foundation-ისთვის გარკვეული თანხების მოზიდვას - ტურნირის საპრიზო ფონდის ნახევარი სწორედ TJ Martell-ის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხა.
PokerNews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ღონისძიების წამყვანმა, დენიელ ნეგრანუმ ჩედ ბრაუნთან დაკავშირებული მოგონებები გაიხსენა და მისი სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდზე ისაუბრა: "ჩედი, შეიძლება ითქვას, ყველასთან მეგობრობდა. მას ვერასდროს ნახავდით ნერვებმოშლილს, გაბრაზებულს, ან აგრესიულს. ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონება, რაც მასთან დაკავშირებით მახსენდება - მისი რეაქცია იყო, როცა საკუთარი დიაგნოზის შესახებ გაიგო.
ადამიანების უმეტესობა, ვინც ექიმისგან მსგავს შეტყობინებას იღებს, აგრესიული ან გაბოროტებული ხდება. ჩედი კი მშვიდად შეეგუა თავის ხვედრს და სიცოცხლის უკანასკნელი 6 თვე არაჩვეულებრივი შემართებით გაატარა. ის კვლავაც თამაშობდა ტურნირებს და ცდილობდა საკუთარი პოკერის უნარები გაეუმჯობესებინა. მას საოცარი ჟინი აღმოაჩნდა. რაც მისგან ვისწავლე, ის იყო, რომ ნებისმიერი ჩვენგან, ოდესმე, აუცილებლად გავქრებით და ამის გააზრება დროულად უნდა დავიწყოთ. იმისთვის, რომ სიცოცხლე შევიყვაროთ და მაქსიმალურად ბევრი მოვასწროთ, არ არის აუცილებელი რაიმე განსაკუთრებული მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში. უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ამ მომენტში, სწორედ ახლა ვცხოვრობთ!"
პოკერის ისტორიაში ჩედ ბრაუნი ჩაიწერება, როგორც მოთამაშე, რომელმაც 38-ჯერ შეძლო WSOP-ის საპრიზო ადგილებზე გასვლა, მათ შორის - ორჯერ ითამაშა ფინალური ჰედს-აპი; მან რამდენჯერმე დაიკავა WPT-ისა და EPT-ის საპრიზო ადგილები; 2006 წელს გახდა Bluff Magazine-ის წლის საუკეთესო მოთამაშე; სატურნირო კარიერაში კი $3.6 მილიონი დოლარი დააგროვა. 2011 წელს, ჩედ ბრაუნს ლიპოსარკომა დაუდგინეს. ბოლო 3 წლის განმავლობაში ის აქტიურად თამაშობდა პოკერს. სიცოცხლის უკანასკნელ წელს, მას საპატიო WSOP-ის სამაჯური გადასცეს.





