ფილ აივის DFS-ის აპლიკაცია iTunes-ზეა; FullTilt-ის ლონდონის ფილიალის თანამშრომლები სამსახურის გარეშე დარჩნენ
ფილ აივისა და Daily Fantasy Sports-ის (DFS) ერთ-ერთი უმსხვილესი საიტის, roster.com-ის კოლაბორაციის შედეგად, მომხმარებლებს iTunes-ის გამოყენებით ახალ აპლიკაციაზე წვდომა შეეძლებათ. ფილ აივი ერთ-ერთია პოკერის პროფესიონალთა იმ სიიდან, რომლებიც DFS-ში აქტიურად არიან ჩართულები. ბევრმა მათგანმა პოკერი მთლიანად ჩაანაცვლა ახალი აზარტული გასართობით. ფილ აივი კი, პირადი აპლიკაციისა და სხვა ბიზნეს-პროექტების გარდა, სათამაშო ინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და სკანდალური სასამართლო პროცესით, ბორგატას კაზინოს საქმითაა დაკავებული. შეგახსენებთ, რომ ბორგატას კაზინო და ლეგენდარული მოთამაშე $12 მილიონ დოლარს ვერ იყოფენ, რომლის მოგებაც აივიმ ბაკარაში შეძლო. კაზინო, აივის, თაღლითობაში ადანაშაულებს. აივი კი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ მის ქმედებებში არალეგალური და კაზინოსთან შეუთანხმებელი არაფერი ყოფილა.
წლევანდელ WSOP-ზე აივის გამოჩენას უამრავი ადამიანი ელოდა. ის კი მხოლოდ $10.000 დოლარიან მეინ ივენთს დაესწრო, რომელიც მოთამაშისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა - აივი ტურნირის მეორე დღესვე გამოეთიშა მე-11 ოქროს სამაჯურისთვის ბრძოლას. "ძალიან დაკავებული ვარ და სამწუხაროდ ვერცერთი ტურნირის თამაში ვერ მოვახერხე, - თქვა PokerNews-თან ინტერვიუში ლეგენდარულმა მოთამაშემ, - სიმართლე რომ გითხრათ, იმითაც კი გაკვირვებული დავრჩი, რომ მეინ ივენთზე თამაში შევძელი."
მას შემდეგ, რაც Amaya Inc-ის წარმომადგენლებმა მთლიანი აქცენტის 'პოკერსტარსზე' გადატანა და 'ფულტილტის' დახურვა გადაწყვიტეს, პოკერ-რუმის ლონდონის ფილიალის ათეულობით თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩა. როგორც Amaya Inc-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ვიცე პრეზიდენტი, ერიკ ჰოლრეიზერი eGaming-ის ანგარიშში ამბობს, ლონდონის ფილიალიდან ათეულობით თანამშრომელი კომპანიას ჩამოშორდა. თუმცა, ახალ გეგმებთან და სამომავლო პერსპექტივებთან ერთად, ახალი სამუშაო ადგილებიც შეიქმნა, სადაც გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილი იგივე ანაზღაურებით გააგრძელებს მუშაობას. როგორც რამდენიმე თვის წინ გაირკვა, Amaya Inc-ის გადაწყვეტილებით, FullTiltPoker-მა ფუნქციონირება ოფიციალურად შეწყვიტა და ის PokerStars-ის ერთ-ერთ თემად გადაიქცა, ხოლო პოკერ-რუმის მომხმარებლები ძველი საიდენტიფიკაციო ნიკებითა და მონაცემებით ავტომატურად დაპორტირდნენ 'პოკერსტარსზე'. ამ ცვლილების გარდა, Amaya Inc-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა, რომელმაც მომხმარებლების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია: ქეშ-გეიმების რიგ მაგიდებზე გაიზარდა რეიკი, შემცირდა VIP სტატუსის მქონე მომხმარებლების ბენეფიტები, გაუქმდა ქეშ-გეიმ მაგიდების სურვილისამებრ არჩევის სპეციფიკა და ა.შ. როგორც პოკერ-რუმის სახე, დენიელ ნეგრანუ აცხადებს, ნებისმიერი რეფორმა მტკივნეულია, მაგრამ მთავარია მას სწორი შედეგი მოჰქონდეს.





