ფილ აივი WSOP-ს უბრუნდება; ფედორ ჰოლცი $5 მილიონს იგებს
ფილ აივის ფანებისთვის, მიმდინარე პოკერის მსოფლიო სერიები და ზოგადად უკანასკნელი პერიოდის ლაივ ტურნირების სეზონი, უღიმღამო გამოდგა. პოკერის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იმდენადაა გატაცებული ქეშ-გეიმებით, რომ ის ვერც $50.000 დოლარიანმა Poker Players' Championship-მა და ვერც $111.111 დოლარიანმა One Drop-ის ივენთმა ვერ დააინტერესა. მაგრამ გუშინ, 2016 წლის WSOP-ის მეინ ივენთის პირველი დღისთვის, 'პოკერის ტაიგერ ვუდსი' მაგიდებთან გამოჩნდა. ტრადიციულად, მის აქტიურ გულშემატკივრებს შორის არიან ფეთ და მელ ჰამფრები, რომელთა ნახვა უკანასკნელი წლების განმავლობაში შესაძლებელი იყო ფილ აივის საფირმო ტრანსფარანტებითა და პლაკატებით. ტურნირის პირველი საათისთვის, აივის სტეკმა კლება იწყო, მაგრამ იმ ადამიანის ტურნირის მთავარი ფავორიტებიდან ჩამოწერა, რომელმაც 2002-2009 წლებში 4-ჯერ მოახერხა მეინ ივენთების ტოპ 25 მოთამაშეში შესვლა და რომელიც WSOP-ის 10 ოქროს სამაჯურს ითვლის, ნამდვილად დიდი შეცდომა იქნებოდა.
ფედორ ჰოლცმა, ასაკის მიუხედავად, ყველაფერს მიაღწია, რაზეც პოკერის მოთამაშემ შეიძლება იოცნებოს: წარმატება ლაივ და ონლაინ თამაშებზე, ქეშ-გეიმებსა და ტურნირებზე, მილიონდოლარიანი სვინგები და პოკერის ელიტაში დამსახურებული, გამოკვეთილი ადგილი - ერთადერთი რამ, რაც მის რეზიუმეს აკლდა, WSOP-ის ოქროს სამაჯური იყო. გერმანელმა მოთამაშემ, აღნიშნული დანაკლისის შევსება ორი დღის წინ, $111.111 დოლარიანი One Drop-ის სუპერ ჰაიროლერ ივენთის მოგებით შეძლო.
ტურნირზე 183 მოთამაშე დარეგისტრირდა, რა თქმა უნდა, მათი უმეტესობა პროფესიონალებს შეადგენდნენ, მაგრამ აქ იყვნენ მდიდარი ბიზნესმენები, რომლებსაც პოკერის გარდა, საქველმოქმედო საქმიანობაც აინტერესებთ. ტურნირის საპრიზო ფონდიდან, გარკვეული თანხა, სწორედ One Drop-ის საქველმოქმედო ფონდში ირიცხება. ჰოლცმა, პირველი ადგილისთვის, $4.981.775 დოლარი მიიღო. "როგორც წესი, ლაპარაკი კარგად გამომდის, - ყვებოდა ტურნირის შემდეგ გერმანელი მოთამაშე, - მაგრამ ამჯერად არც კი ვიცი რა ვთქვა. ზედმეტად აღელვებული ვარ. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს, სამოთხეში მოვხვდი."
ფედორ ჰოლცს მართლაც წარმოუდგენელი წელი გამოუვიდა: მან ჯერ ფილიპინებში ჩატარებული $200.000 დოლარიანი Triton Super High Roller მოიგო, $3.4 მილიონი დოლარით პირველი ადგილისთვის; შემდეგ $300.000 დოლარიან Super High Roller Bowl-ის ივენთზე პირველობა თანამემამულე რეინერ კემპესთან დათმო და მეორე ადგილისთვის $3.5 მილიონი დოლარი მიიღო; ხოლო Aria-ში ჩატარებული 4 ძვირადღირებული ტურნირის მოგების შემდეგ, $1.7 მილიონი დააგროვა. 2016 წლის განმავლობაში, ჰოლცის მოგებამ, $9 მილიონ დოლარს გადააჭარბა.





