ჩეხური ონლაინ პოკერი მძიმე მდგომარეობაშია
ივნისში, პრეზიდენტ მილოშ ზემანის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, ჩეხეთის რესპუბლიკა იმ ქვეყნებს შეუერთდა, სადაც ონლაინ პოკერის შესახებ მკაცრი რეგულაციები მოქმედებს. ონლაინ გემბლინგის შესახებ მიღებული კანონი 2017 წლის პირველ იანვარს შევა ძალაში. ინტერნეტ თამაშების შესახებ მსჯელობა, ჩეხეთში, ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყეს, როდესაც ფინანსთა მინისტრი, ანდრეი ბაბიში ონლაინ გემბლინგზე დიდი გადასახადების შემოღების ინიციატივით გამოვიდა, იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რასაც აზარტული თამაშები ჩეხეთის მოსახლეობას აყენებდა. დღევანდელი მონაცემებით კი, ჩეხეთის 10.5 მილიონზე მეტი მოქალაქე, წლის განმავლობაში, $6 მილიარდ დოლარზე მეტს აზარტულ თამაშებში ხარჯავს.
მაშინდელი ფინანსთა მინისტრის მიერ შეთავაზებული ვერსიის მიხედვით, ონლაინ გემბლინგიდან მიღებული შემოსავლის 40% სახელმწიფოს უნდა მიეღო. ასეთ რიცხვს ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, თუმცა, უმეტესობა თვლიდა, რომ მსგავსი გადასახადების პირობებში, ე.წ. შავ ბაზარზე არსებული ონლაინ ოპერატორები, მომხმარებელს, გაცილებით უკეთეს მომსახურებას შესთავაზებდნენ, ვიდრე ლეგალურ აზარტულ ბიზნესში ჩართული კომპანიები, რომლებსაც გადასახადი მძიმე ტვირთად დააწვებოდათ. კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, ქვეყნის სენატმა 42 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღო. მიღებული გადაწყვეტილებით, კაზინოს თამაშები 40%-ის ნაცვლად, 35%-ით დაიბეგრება. კაზინოს თამაშებში, ბანქოს სხვა სახეობების გარდა, პოკერიც შევიდა. ტოტალიზატორებსა და ლატარიის ტიპის გათამაშებებს კი 23%-იანი გადასახადი დაუწესდათ. შედარებისთვის: ჩეხეთის მოქალაქე, ხელფასიდან, მხოლოდ 19%-ს უხდის სახელმწიფოს.
სიტუაცია კიდევ უფრო არასახარბიელოდ გამოიყურება ონლაინ პოკერის ოპერატორებისა და მოთამაშეებისთვის. Online Poker Report-ის ინფორმაციის თანახმად, ჩეხეთის კანონმდებლობით, ონლაინ პოკერში გაკეთებული ფსონის მაქსიმალური ოდენობა 1.000 კრონას, დაახლოებით $41 დოლარს შეადგენს, ხოლო მაქსიმალური მოგება, იქნება ეს ქეშ-გეიმებიდან თუ ტურნირებიდან მიღებული ფული - 50.000 კრონის, დაახლოებით $2.049 დოლარის ოდენობით განისაზღვრება.
როგორც კანონის მოწინააღმდეგეები ვარაუდობენ, ჩეხ მოთამაშეებს კვლავ არალეგალური საიტების მოხმარება მოუწევთ. მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული მკაცრი კონტროლისა, მოთამაშეები ახერხებენ IP მისამართების დაფარვას. ხოლო საბანკო სისტემის მხრიდან პრობლემის შექმნის შემთხვევაში, მათ, ე.წ. ონლაინ საფულეების გამოყენება შეეძლებათ, რომლებიც ნებისმიერ საერთაშორისო ოპერაციას უპრობლემოდ ასრულებენ.