WSOP 2016: ფერგიუსონი დიდ პოკერს უბრუნდება; კოზლოვი ოქროს სამაჯურს იგებს

WSOP-ის 25-ე დღე ერთ-ერთი ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა - სერიების განრიგის მიხედვით, მხოლოდ 5 ივენთი ჩატარდა. მიუხედავად ამისა, გუშინ ორი სამაჯური გათამაშდა. დღე იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ გამართლდა მრავალი პროგნოზისტის ვარაუდი: კრის ფერგიუსონი, როგორც იქნა, დიდ პოკერში დაბრუნდა. ამჯერად მან არამხოლოდ მონაწილეობით, არამედ $10.000 დოლარიანი 6-მაქს ჩემპიონატის მე-4 პოზიციაზე გასვლითაც დაგვამახსოვრა თავი. ტურნირიდან გამოთიშვის შემდეგ, ფერგიუსონმა, ინტერვიუზე უარი განაცხადა. ივენთზე 294 მოთამაშე იყო დარეგისტრირებული, ხოლო გამარჯვებული მარტინ კოზლოვი გახდა, რომელმაც ოქროს სამაჯურთან ერთად $665.709 დოლარი მოიგო. მართალია, იმ დღეს კარტები და იღბალი კოზლოვის მხარეს იყო, მაგრამ ფინალურ მაგიდაში ავსტრალიელს ნამდვილად არ გაუმართლა: პეტრანგელო, ფერგიუსონი, ბონომო, კიტაი... რთული ლაინაფის მიუხედავად, მარტინ კოზლოვმა გამარჯვება მიმდინარე სერიების ერთ-ერთ ძვირადღირებულ ტურნირზე მოიპოვა. ამ დროისთვის ავსტრალიელი პროფესიონალი მოთამაშის საერთო სატურნირო მოგება $2.8 მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა სერიების დასრულებამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი. 

როგორც იქნა, მრავალწლიანი შრომის შემდეგ, ვეტერანმა ონლაინ გრაინდერმა, კრის ვიჩმა WSOP-ის ოქროს სამაჯურის მოგება შეძლო. წარმატებული კარიერისა და ტურნირებში ფინალურ სტადიებზე გასვლის მიუხედავად, ვიჩი ვერასდროს ხვდებოდა გამარჯვებულთა სიაში. შესაძლოა ამის მიზეზი თამაშების არასწორი შერჩევა ყოფილიყო. ფაქტია, რომ კრის ვიჩმა WSOP-ის სრულიად ახალი ივენთის მოგება შეძლო, რომელიც 3 თამაშს: 2-7 ტრიპლ დროუს, A-5 ტრიპლ დროუსა და ბადუგის აერთიანებს. ტურნირზე, რომლის ბაი-ინი $2.500 დოლარს შეადგენდა, 236 მოთამაშე დარეგისტრირდა. გამარჯვებულს, პირველი ადგილისთვის, $136.854 დოლარი გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ 2-7 ფორმატი თანამედროვე პოკერის წრეებში უკვე დიდ პოპულარობას აღწევს, იყო დრო, როცა ამ თამაშის ბევრს არაფერი გაეგებოდა. კრის ვიჩი კი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც 2-7 თამაშებში დაოსტატება გადაწყვიტა და ონლაინ მაგიდებზე არნახულ წარმატებასაც მიაღწია. სწორედ კრის ვიჩის დაარსებულია საიტი DeucesCracked, რომელმაც ბევრ ონლაინ რეგულარს მისცა ახალი კარიერის დაწყებისა და თამაშის ახლებური ხედვის შესაძლებლობა. "ხშირად ვკითხულობდი საუკეთესო მოთამაშეებზე, რომლებსაც არასდროს მოუგიათ WSOP-ის ოქროს სამაჯური, - თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას ვიჩმა, - დარწმუნებული ვარ, რომ ასეთები ძალიან ბევრნი არიან. ყოველთვის მჯეროდა, რომ მეც მათ რიცხვს მივეკუთვნებოდი." 

 

თეგები
პოკერი WSOP 2016

რუმები

ქართული უცხოური