Global Poker League-ის გუნდების განხილვა: Las Vegas Moneymakers
პერიოდულად, ჩვენი საიტი შემოგთავაზებთ Global Poker League-ის (GPL) გუნდების შემადგენლობების განხილვას, მათი წევრების კარიერულ მიღწევებსა და ამჟამინდელ მდგომარეობას. ჩვენ უკვე გავეცანით GPL-ის 2 გუნდს: New York Rounders-ს და London Royals, რომლებიც ლიგის ფავორიტებად ითვლებიან. ამჯერად, გთავაზობთ ლიგის კიდევ ერთ-ერთ სახიფათო გუნდს - Las Vegas Moneymakers-ს, რომელსაც სათავეში ლეგენდარული კრის მანიმეიკერი უდგას.
მოთამაშე | ქვეყანა | სატურნირო მოგება |
ანტონი ზინო | აშშ | $5.366.980 |
ჯონათან დუჰამელი | კანადა | $17.592.802 |
ჯეიკ კოდი | დიდი ბრიტანეთი | $4.132.819 |
ჯონათან ლითლი | აშშ | $6.257.743 |
კრის მანიმეიკერი | აშშ | $3.595.975 |
სკოტ ბოლი | აშშ | $38.430 |
როგორც ვთქვით, გუნდის მენეჯერი კრის მანიმეიკერია - მოთამაშე, რომელზეც უამრავი რამ თქმულა და დაწერილა. 2003 წელს, 'პოკერსტარსის' მცირე ბაი-ინიან სატელიტში გამარჯვების შემდეგ, ის, WSOP-ის მეინ ივენთის საწყის მაგიდაზე მოხვდა, საიდანაც გზა ფინალური ცხრიანისკენ გაიკვალა და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვა. სწორედ მანიმეიკერი იყო ადამიანი, რომელსაც პოკერის არნახული პოპულარიზაციის მთავარ კატალიზატორად მიიჩნევენ. GPL-ისთვის ის ერთ-ერთი საუკეთესოა - მისი სახელი ყველამ იცის, მას არაჩვეულებრივი ისტორია აქვს, ხოლო ჟურნალისტებთან და მედიასთან ყოველთვის გახსნილია.
მანიმეიკერის პირველი არჩევანი ანტონი ზინო იყო, რომელშიც ეჭვის შეტანა არავის გადაუწყვეტია. ზინოს ანგარიშზე WPT-ის სამი ტიტული და $5.4 მილიონი დოლარია. ის ასევე WSOP-ის ოქროს სამაჯურს ფლობს. ანტონი ზინო თანამედროვეობის ერთ-ერთი დიდი მოთამაშეა და პოკერისადმი მისი მიდგომა, მისი თამაშის ყურება, გადაწყვეტილებების მიღების ჯაჭვი, GPL-ის მაყურებლებისთვის, ნამდვილად საინტერესო იქნება.
ზინოს შემდეგ, მანიმეიკერის ინტერესი ჯონათან დუჰამელზე შეჩერდა. მანიმეიკერის მსგავსად, დუჰამელს, 2010 წლის WSOP-ის მეინ ივენთი აქვს მოგებული, თუმცა მისი ამჟამინდელი მენტორისგან განსხვავებით, კანადელმა გაცილებით სოლიდური თანხა, $8.944.310 დოლარი მიიღო. 2015 წელს, დუჰამელმა WSOP-ის 2 სამაჯური მოიგო: ბერლინში გამართული €25.600 ევროიანი ჰაიროლერი და რაც მთავარია, $111.111 დოლარიანი One Drop ჰაიროლერი, რომლისთვისაც მან $3.989.985 დოლარი მიიღო. WSOP-ის მეინ ივენთის გამარჯვებულები, მცირეპერიოდიანი დიდების შემდეგ, ქრებიან პოკერის დიდი სცენიდან და მათ სახელს ხალხი მაშინვე ივიწყებს. ჯონათან დუჰამელთან კი ყველაფერი სხვაგვარადაა - ის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება, ვისაც WSOP-ის მეინ ივენთი მოუგია. გარდა ამისა, მას უამრავი სატელევიზიო ტურნირის გამოცდილება აქვს, რაც GPL-ისთვის ერთ-ერთ უმთავრეს უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს.
მანიმეიკერისა და დუჰამელის გარდა, ლას ვეგასის გუნდში, კიდევ ერთი 'პოკერსტარსის' პროფესიონალი ირიცხება - ეს ჯეიკ კოდია. ბრიტანელმა მოთამაშემ, ონლაინ პოკერით აიდგა ფეხი, ეს კი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც მას GPL-ის სწრაფ თამაშთან ადაპტირებაში დაეხმარება. მას მოგებული აქვს 2010 წლის EPT-ის მეინ ივენთი, ლონდონში გამართული 2010 წლის WPT-ის მეინ ივენთი და 2011 წლის $25.000 დოლარიანი WSOP-ის Heads-up Championship. მანიმეიკერის შემდეგი არჩევანი ჯონათან ლითლი იყო, რომელიც, თავისი თეორიული ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ნამდვილად გამოსადეგ წევრად შეიძლება ჩაითვალოს. აღსანიშნავია, რომ ჯონათან ლითლის წარმატებული სათამაშო კარიერა მოიცავს როგორც ლაივ, ასევე ონლაინ თამაშებს. ის ძლიერ მოთამაშედ ითვლება არამხოლოდ ტურნირებზე, არამედ ქეშ-გეიმებზეც. ეს კი, მოთამაშისთვის, დიდი უპირატესობაა.
საკუთარი სახელის wildcard-ად არჩევა, GPL-ის გუნდების მენეჯერების ერთგვარ ტრადიციად იქცა. ამ მხრივ, არც კრის მანიმეიკერი ყოფილა გამონაკლისი და სხვა მოთამაშეებთან ერთად, GPL-ში თავადაც აქტიურად მიიღებს მონაწილეობას. მისი მიერ არჩეული უკანასკნელი მოთამაშე სკოტ ბოლი აღმოჩნდა, რომელიც ერთი შეხედვით საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება უნდა იყოს. ამჟამად, სკოტ ბოლი Twitch-ის პოკერის განყოფილებას ხელმძღვანელობს და საკუთარ თავს eSport-ის ენთუზიასტად მოიხსენიებს. GPL-ზე მას შესაძლებლობა ექნება საკუთარი პოკერის ცოდნა, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების წინააღმდეგ, რეალურად შეამოწმოს.