ვიქტორ ბლომი Microgaming-ის ქსელს იპყრობს
ბოლო პერიოდში, ონლაინ პოკერის გულშემატკივრები, 'პოკერსტარსისა' და 'ფულტილტის' დიდი თამაშებიდან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰაი სტეიკს გრაინდერის გაქრობას აუცილებლად შეამჩნევდნენ. HighStakesDB-ის ინფორმაციით, 2015 წლის დასასრულისთვის, ვიქტორ ბლომი $2.2 მილიონი დოლარის პლუსს აჩვენებს, რაც ნებისმიერი ქეშ-გეიმერისთვის უდიდეს წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. წლის ბოლოსთვის, შვედი მოთამაშე, 'პოკერსტარსზე', $3.6 მილიონს იგებს. თუმცა მისი პიკი $4.95 მილიონი იყო. საპირისპირო სიტუაციაა 'ფულტილტზე', სადაც მისი მინუსი $1.4 მილიონ დოლარს აღწევს.
მსოფლიოს ამ ორი უდიდესი საიტიდან ბლომის გაქრობას, პოკერის ბევრი გულშემატკივარი, მის გადაღლას მიაწერდა. მართლაც, მილიონდოლარიანი სვინგები, ათულობით საათი კომპიუტერთან ჯდომა, საუკეთესო მოთამაშეებთან დაუსრულებელი სესიები, საკმაოდ დამღლელი უნდა იყოს, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურადაც. მაგრამ ეს ყველაფერი Isildur1-ს არ ეხება! შვედი მოთამაშე HighStakesDB-ის მიერ, Microgaming Poker Network-ზე იქნა აღმოჩენილი, სახელით "hrskar".
Microgaming Poker Network ქეშ-გეიმებით ცნობილი არასდროს ყოფილა, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი შეიცვალა. PokerScout-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ქეშ-გეიმების ტრაფიკი 41%-ით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2014 წლის დეკემბრის ერთკვირიანი მაჩვენებელი, რომელიც 630 მოთამაშეს ითვლიდა, 2015 წლის დეკემბერში 890-მდეა გაზრდილი. ეს კი საკმარისია იმისთვის, რომ Microgaming Poker Network მსოფლიოს 10 ყველაზე დიდ საიტს შორის მოხვდეს. Microgaming-ის ქსელი, სხვა ცნობილ ოპერატორებთან ერთად, ისეთ პოკერ-რუმებს აერთიანებს, როგორებიც Betway და 24hBet არიან.
მიუხედავად იმისა, რომ HighStakesDB-ის ჯერ არ დაუწყია 'მიკროგეიმინგის' მონაცემების აღრიცხვა, ქსელის წევრებმა მაინც გაახმაურეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ვიქტორ ბლომმა პოტ-ლიმიტ ომაჰას $100/$200 ლიმიტებს ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო. მხოლოდ შაბათისთვის, მისი მოგება $173.000 დოლარს შეადგენდა. მთლიანობაში კი, შვედი მოთამაშე, Microgaming-ის ქსელში $550.000 დოლარამდე მოგებას აჩვენებს.





