WPT-ის საქველმოქმედო ტურნირი
WPT-ის საქველმოქმედო ფონდმა All In for Kids ტურნირი ჩაატარა, რომლის საპრიზო ფონდში შეგროვებული $700.000 დოლარი, ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს გადაერიცხება. თანხა მთლიანად მოხმარდება ფილადელფიის საავადმყოფოს გასტროენტეროლოგიისა და ჰეპათოლოგიის განყოფილებას. აღნიშნული მიმართულება, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და მოთხოვნადი სფეროა ბავშვთა ჯანდაცვის სისტემაში.
ტურნირის ჰედლაინერები, WSOP-ის 14 სამაჯურის მფლობელი ფილ ჰელმუტი, WPT-ის ერთ-ერთი სახე - ლინ გილმარტინი და ვეტერანი მოთამაშე, დენ შაკი იყვნენ. "ჩვენთვის დიდი პატივია WPT-ის საქველმოქმედო ფონდთან თანამშრომლობა, - თქვა ფილადელფიის შტატის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორმა, მედლინ ბელმა, - განსაკუთრებით დიდი მადლიერება მინდა გამოვთქვა Gitlin Family-ის საქველმოქმედო ფონდისა და იმ ექიმების მიმართ, რომლებიც ჩვენი საავადმყოფოს გასტროენტეროლოგიისა და ჰეპათოლოგიის განყოფილებაში დროსა და ენერგიას არ ზოგავენ, რათა ბავშვებისთვის მაქსიმუმი შეძლონ."
ივენთი ნიუ იორკში, Mandarin Oriental-ში გაიმართა და მას 275 სტუმარი დაესწრო. პაციენტთა მშობლებისა და საავადმყოფოს თანამშრომლების გარდა, სტუმრებს შორის უამრავი ცნობილი სახე და მსოფლიო დონის სპორტსმენი იყო. რა თქმა უნდა, ივენთს პოკერის ცნობილი მოთამაშეებიც დაესწრნენ: ენდი ფრანკენბერგერი, ბრაიან ჰასტინგსი, ჯეიმი კესტეტერი. ტურნირის გამარჯვებული, Cibeles Capital Advisor-ის დამფუძნებელი, ანტონიო როდრიგესი გახდა.
"ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოსთან 3 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ქველმოქმედების სახით, WPT-ის, უკვე $2.3 მილიონ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული, - თქვა WPT-ის გენერალურმა დირექტორმა ადამ პლისკამ, - ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფო, მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პედიატრიული კლინიკაა. სამედიცინო მომსახურების გარდა, საავადმყოფო უამრავ კვლევასაც ატარებს, რომელიც მკურნალობის ახალ მეთოდებსა და დაავადებებთან გამკლავების ახალ საშუალებებს იძლევა. თან ეს ყველაფერი ხომ ბავშვებისთვის კეთდება? WPT-ისთვის დიდი პატივია ასეთ ადამიანებთან და პროფესიონალებთან თანამშრომლობა."





