Poker Hall Of Fame-ის ნომინანტთა ვინაობა ცნობილია
World Series Of Poker-ის ორგანიზაციამ უკვე გაასაჯაროვა 10 ფინალისტის ვინაობა, რომლებიც 2015 წლის პოკერის დიდების დარბაზში შესვლის ნომინანტები იქნებიან. Poker Hall Of Fame 1979 წელს დაარსდა Harrah's Entertaiment-ის მიერ, ხოლო 2004 წლიდან მას WSOP შეუერთდა. პოკერის დიდების დარბაზში, ყოველწლიურად ერთი, ან ორი პიროვნება ირჩევა, რომელთა პოკერში შეტანილ დამსახურებასა თუ მიღწევებს, წელს, დიდების დარბაზში მყოფი 23 წევრი და მედიის 16 წარმომადგენელი შეაფასებს. გამარჯვებული მხოლოდ მათი ხმების მიხედვით გამოვლინდება.
წლევანდელი 10 ფინალისტი პოკერის მოყვარულთა ღია გამოკითხვის შედეგად შეირჩა. მათ შორის მოხვდნენ: მაქს პესკატორი, დეივ Devilfish ულიოტი, მეტ სევიჯი, კრის ბორინი, ბრუნო ფიტუსი, ჯენიფერ ჰერმანი, დევიდ ჩიუ, ჯონ ჯუანდა, კარლოს მორტენსენი და ტერი როჯერსი.
როჯერსი და სევიჯი პირველად გახდნენ დიდების დარბაზის ნომინანტები. ტერი როჯერსი ირლანდიური პოკერის 'ნათლიმამად' ითვლება, რომელმაც Irish Open-ის ლეგენდარული ტურნირი დააარსა. მეტ სევიჯი კი უკვე მრავალი წელია დიდი ტურნირების მენეჯერია და მისი დამსახურება სატურნირო პოკერის წინაშე ფასდაუდებელია. ამჟამად ის WPT-ის აღმასრულებელი დირექტორია. 10 ნომინანტიდან, დღესდღეისობით, ორი მათგანი აღარ არის ცოცხალი - ტერი როჯერსი, რომელიც 1999 წელს გარდაიცვალა და ლეგენდარული დეივ ულიოტი.
გასულ წელს, დიდების დარბაზში, ორი ადამიანი იქნა შეყვანილი: დენიელ ნეგრანუ და ჯეკ მაკკელენდი. ჯენიფერ ჰერმანმა, რომელიც ფინალისტებს შორის უკვე რამდენიმე წელია ზედიზედ ხვდება, CardPlayer-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: "დიდების დარბაზში მოხვედრა, ვფიქრობ, პოკერის სამყაროსგან შენი საქმიანობისა და ცხოვრების დაფასების ნიშანია. ეს, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მოთამაშისთვის დიდი პატივია."
2015 წლის Poker Hall of Fame-ის საზეიმო ცერემონია, WSOP-ის მეინ ივენთის ფარგლებში გაიმართება, ლას ვეგასში, რომელსაც უამრავი ცნობილი სახე, მოთამაშე და პოკერის ინდუსტრიის გრანდი დაესწრება. ჯერჯერობით, ცერემონიის გამართვის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ის სავარაუდოდ 7-10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდება.
Poker Hall Of Fame-ში მოსახვედრად რამდენიმე კრიტერიუმია: ნომინანტის მინიმალური ასაკი 40 წელი უნდა იყოს, მას უნდა ჰქონდეს ნათამაშები პოკერის საუკეთესო მოთამაშეების წინააღმდეგ, უმაღლეს ლიმიტებზე. ისინი, ვინც თამაშით არ ყოფილან დაკავებულნი, მაგრამ პოკერის ინდუსტრიაში მოღვაწეობდნენ, ფასდებიან მათი დამსახურების მიხედვით, თუ რა გააკეთეს პოკერისა და მისი პოპულარიზაციისთვის.
პოკერის დიდების დარბაზში შესულები არიან ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან: დოილ ბრანსონი, ფილ ჰელმუტი, დენიელ ნეგრანუ, ჯონი მოსი, დევიდ Chip რიზი, ბარი გრინშტეინი, ერიკ საიდელი და ა.შ.