მაიკ შარიათი WPT Legends of Poker-ს იგებს

გასული კვირის უმნიშვნელოვანეს მოვლენად, კალიფორნიაში, Bicycle Casino-ში გამართული WPT Legends of Poker შეიძლება ჩაითვალოს. ტურნირში მონაწილეობის მისაღებად $3.700 დოლარი 786 მოთამაშემ გადაიხადა, რაც 25%-ით აღემატებოდა წინა წლის ენტრანტების რაოდენობას. მათ შორის იყო ლეგენდარული ფრედი დიბი, რომელმაც სახელი სწორედ WPT-ზე მიღწეული შედეგებით გაითქვა. თუმცა, მსგავსი დიდი ტურნირების მოგებამდე, დიბის პროფესიონალური კარიერა ათწლეულებს ითვლიდა. არაბული წარმოშობის მოთამაშეს, რომელსაც WPT-ის ორი ტიტული აქვს მოპოვებული, მხოლოდ ერთი გამარჯვება აშორებდა WPT-ის სამეულთან ანგარიშის გასათანაბრებლად. შეგახსენებთ, რომ WPT-ის სამ ტიტულს მხოლოდ გას ჰენსენი, კარლოს მორტენსენი და ანტონი ზინო ფლობენ. 

მეორე ადგილზე გასვლის მიუხედავად, ფრედი დიბმა ამჯერადაც დაამტკიცა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა - ფინალურ მაგიდაზე, მან ჯერ მესამე პოზიცია მოიპოვა ჩიპების რაოდენობით, ხოლო ჰედს-აპისთვის უკვე ჩიპ ლიდერის რანგში იყო და შარიათის წინააღმდეგ 2:1 უპირატესობა ჰქონდა. გადამწყვეტი ორთაბრძოლა, შეიძლება ითქვას, რომ WPT-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო და სანახაობრივი აღმოჩნდა. გამარჯვებულის გამოვლენას 117 დარიგება დასჭირდა, რაც ფინალური ჰედს-აპისთვის საკმაოდ ხანგრძლივ თამაშად შეიძლება ჩაითვალოს. 

ირანული წარმოშობის მაიკ შარიათი, გენური ინჟინერიის სპეციალისტი და მკვლევარი, სათამაშო კარიერაში უკვე ითვლიდა $279.480 დოლარს, რომლის უდიდესი ნაწილი WSOP-ის $160 დოლარიან ივენთის მოგებით მიიღო. 

ჰედს-აპის დაწყებამდე, ფრედი დიბი AA-ით ბრენტ რობერტსის 99-ს დაუპირისპირდა. სწორედ ამ დარიგების დახმარებით მოახერხა მან შარიათის წინააღმდეგ 2:1 ჩიპლიდის მოპოვება. დიბის დამაჯერებელმა თამაშმა და მისი სტეკის ზრდამ, გარკვეული პერიოდით ყველა დაარწმუნა, რომ WPT-ის მესამე ტიტული მის ხელში იყო. თუმცა, მაიკ შარიათიმ რამდენიმე დარიგების ინტერვალით, სამჯერ მოახერხა მის წინააღმდეგ გაორმაგება და უპირატესობის მოპოვება. გადამწყვეტ დარიგებაზე, შარიათიმ SB-დან QQ-ით ლიმპი გააკეთა. ფრედი დიბი მოწინააღმდეგის პროვოკაციულ მოქმედებას წამოეგო და KT-ით ჩიპები მაგიდაზე შეიტანა, რასაც შარიათის მომენტალური ქოლი მოჰყვა. T2295 ბორდზე, WPT-ის ორგზის გამარჯვებულისთვის ხსნა არ ჩანდა და ის მეორე ადგილსა და $383.090 დოლარს დასჯერდა. მაიკ შარიათიმ, რომელიც ამჟამად ირვინში, კალიფორნიის შტატში ცხოვრობს, პირველი ადგილისთვის $675.942 დოლარი მიიღო. 

თეგები
პოკერი WPT

რუმები

ქართული უცხოური