მალტის ყოფილი პემიერ-მინისტრის შვილს არალეგალურ აზარტულ თამაშებში ადანაშაულებენ

დავიდ გონზის, მალტის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლოურენს გონზის შვილის სახელი, ოფიციალურად ფიგურირებს იტალიური მაფიის წინააღმდეგ მებრძოლი სამსახურის საგამოძიებო დოკუმენტში, რომელიც მაფიის მიერ კონტროლირებადი კაზინოების გარშემო დაწყებულ გამოძიებას ეხება. 

29 ივლისს გამოქვეყნებულ ღია განცხადებაში, დავიდ გონზი, მის წინააღმდეგ წაყენებულ ყოველ ბრალდებას უარყოფს და ყველაფერს იტალიური საგამოძიებო სისტემის გაუმართაობას და შეცდომას აბრალებს. როგორც გონზი ამბობს, ის მზადაა ითანამშრომლოს იტალიელ სამართალდამცავებთან და მალტის ფინანსურ სამსახურთან. 

იტალიური მედია, ყოფილი პრემიერის შვილის მაფიოზურ კავშირებზე, ჯერ კიდევ 22 ივლისს ალაპარაკდა, როცა ოპერაცია Gambling-ის შედეგად 41 პირი დააკავეს და სხვადასხვა ძვირფას სათამაშო ინვენტართან ერთად, €2 მილიარდი ევრო ამოიღეს. იტალიელი სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფება სახელად Ndrangheta, ფულის გათეთრების მიზნით, მალტაში დარეგისტრირებულ კაზინოებს იყენებდა. გამომძიებელი კატერინა კატალანოს განცხადებით, არალეგალური ოპერაციები, ძირითადად, Uniq Group Limited-ის მიერ ხორციელდებოდა - სათამაშო ორგანიზაცია, რომელიც 2010 წელს მარიო ჯენარომ დააარსა. მარიო 'მარიოლინო' ჯენარო კი, იტალიურ მაფიასთან მჭიდრო კავშირშია შემჩნეული. 

კომპანია, თავდაპირველად, ონლაინ გემბლინგზე იყო ორიენტირებული, ხოლო გარკვეული კაპიტალისა და იმიჯის შექმნის შემდეგ, მის ქსელში, იტალიის მასშტაბით, 500-მდე ლაივ კაზინო გაჩნდა, თუმცა კომპანიას მსგავსი სერვისის შეთავაზებისთვის ლიცენზია არ მოეპოვება. სამართალდამცავებს ეჭვი სწორედ მალტაში დაწყებულმა საქმიანობამ გაუჩნია, რადგან მალტის კანონმდებლობა ჯენაროს საშუალებას აძლევდა რთული იტალიური ანტი-მაფიოზური რეგულაციებისთვის მარტივად აევლო გვერდი. 

მიუხედავად იმისა, რომ გონზი აქტიურ მონაწილეობას არ ღებულობდა Uniq Group-ის საქმიანობაში, ის GVM Holdings-ის მფლობელია, რომელიც ჯენაროს კომპანიას საკურატორო მომსახურებას უწევდა. "ჩვენ Uniq Group-თან 2013 წლიდან ვთანამშრომლობთ, ხოლო GVM Holdings-ის დირექტორი 2014 წელს გავხდი. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ არანაირი ეჭვი არ გაგვჩენია კომპანიის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით" - ამბობს დავიდ გონზი. გარდა ამისა, გონზის განცხადებით, GVM-მა თავისი დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო Uniq Group-ის შესახებ. 

მიუხედავად იმისა, რომ დავიდ გონზი ერთადერთი სახელია GVM Holdings-დან, რომელიც გამოძიებაში ფიგურირებს, გამორიცხული არაა, რომ იტალიის მაფიის წინააღმდეგ მებრძოლმა სამსახურმა კიდევ უფრო ღრმად შეისწავლოს კომპანიის საქმიანობა და GVM-ის სხვა წევრების ჩართულობა არალეგალურ საქმიანობაში. 

რუმები

ქართული უცხოური