ჯეიმი გოლდი პოკერში დაბრუნებას გეგმავს
9 წლის წინ ჯეიმი გოლდი პოკერის მწვერვალზე იყო. მის მიმართ საკმაოდ ანტიპათიური დამოკიდებულება ჰქონდათ მოთამაშეების უმეტესობას. ყოველ შემთხვევაში, პოკერის მოყვარულები ნამდვილად არ გამოირჩეოდნენ გოლდის ქომაგობით. დენიელ ნეგრანუსაც არაერთი მწარე სიტყვა უთქვამს მსოფლიო ჩემპიონის მისამართით. მოგწონდათ თუ არ მოგწონდათ, 2006 წელს, ჯეიმი გოლდის მიერ მეინ ივენთის მოგება, მართლაც შთამბეჭდავი იყო: ტურნირის მეოთხე დღის შემდეგ მას ჩიპლიდერის პოზიცია არ დაუკარგავს, ხოლო ფინალურ მაგიდაზე, თავისი 8 ოპონენტიდან 7 თითონ გააგდო მაგიდიდან, მათ შორის პოლ ვასიკა, მაიკლ ბინგერი და ალან კანინგჰემი.
გოლდი რამდენჯერმე დაბრუნდა "რიოში", მაგრამ მისი გამოჩენა WSOP-ის ტურნირებზე მაინც იშვიათი და არარეგულარული იყო. ის ძირითადად მეინ ივენთზე თუ ითამაშებდა. მაგრამ არა 2015-ში. წელს ის WSOP-ის პირველივე ივენთზე გამოჩნდა და, როგორც ჩანს, ტურნირების სრული სიის თამაშს აპირებს. "ეს პირველი შემთხვევაა, როცა ხანგრძლივი თამაში გადავწყვიტე, - თქვა გოლდმა, - ვფიქრობ, 12-13 ივენთს მაინც ვითამაშებ. ერთი წლის წინ მივხვდი, რომ ისევ მინდოდა თამაში. 6 თვის განმავლობაში ვემზადებოდი. რამდენიმე ადამიანი შევარჩიე, რომლებიც, ვფიქრობ, საკმაოდ ნიჭიერები არიან და მათთან რეგულარულად დავიწყე თამაში. პოკერი გამუდმებით იცვლება და მეც ჩავთვალე, რომ დარწმუნებული უნდა ვყოფილიყავი საკუთარ ძალებში. ამის შემდეგ 6 ივენთი ვითამაშე, 4 ივენთზე ფულში შევედი, 2-ზე კი ფინალურ მაგიდაზე ვითამაშე."
მართლაც, წინა წლის ივლისის შემდეგ, ჯეიმი გოლდმა, WSOP-ის და WPT-ის რამდენიმე პატარა ივენთიდან, რამდენიმე ათასი დოლარი დაუმატა თავის პოკერის რეზიუმეს. "ვფიქრობ, ისევ შევძლებ თამაშს. ამასობაში კი მე და ჩემი პარტნიორები youstake.com-ზე ვმუშაობთ, პირველ სრულად ინტეგრირებულ სპორტული სტეკინგის პლატფორმაზე, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემს, მათი შეხედულებების მიხედვით, ფული ჩადონ ნიჭიერ მოთამაშეებში და თავად მიიღონ სპონსორი. აქ ადამიანებს საშუალება ექნებათ მოაგროვონ ტურნირის შესატანი თანხა, დარეგისტრირდნენ სხვადასხვა ივენთებზე, საიტი მოუმზადებს მათ ნებისმიერ საგადასახადო დოკუმენტაციას, ასევე გვექნება მოგებების დისტრუბიცია და ა.შ."
გოლდის თქმით, მათთვის, ვისაც ინვესტიციები აინტერესებს, საიტი ნამდვილი სამოთხე იქნება, რამდენადაც მსგავსი პროექტებით ისეთი მოთამაშეები დაინტერესდნენ, როგორებიც WPT-ის წლის მოთამაშე ანტონი ზინო და მსოფლიო ჩემპიონები - გრეგ რეიმერი და ჯო კადა არიან. ანტონი ზინო თავად გვევლინება კომპანიის ერთ-ერთ ინვესტორად. ისინი, ვინც მსგავსი ინვესტირებით არიან დაინტერესებულნი, შეუძლიათ მინიმუმ $20 დოლარი ჩადონ რომელიმე მოთამაშეში და შემდგომ დეტალურად ადევნონ თვალი მის კარიერას.





