WSOP-ის პირველი გრანდიოზული ივენთი და პოკერის გლადიატორები
27 მაისს, ოთხშაბათს, დაიწყო 2015 წლის პოკერის მთავარი მოვლენა - World Series Of Poker. სერიების დაწყებამდე უამრავი წინასწარმეტყველება კეთდებოდა პოკერის წრეებში, თამაშის ექსპერტებისგან, გამოცემებისგან და უბრალო მოყვარულებისგან. მაგრამ გუშინ, 29 მაისს მომხდარმა მოვლენამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გუშინდელ ივენთზე, რომელიც მოთამაშეებს გარანტირებულ $5.000.000 დოლარს და მხოლოდ $565 დოლარის შესატანს სთავაზობდა, რეკორდული - 8,926 მოთამაშე დარეგისტრირდა.ივენთს უკვე მიეცა "კოლიზეუმის" სახელი. უკანასკნელი ცხრა წლის განმავლობაში, WSOP-ის რეკორდი მოთამაშეთა რაოდენობით ერთ ივენთზე, 2006 წლის მეინ ივენთი იყო, 8,773 მონაწილით, რომელიც მაშინ ჯეიმი გოლდმა მოიგო.
თუ თქვენ პარიზის, ლას ვეგასისა და ტურისტებისთვის საინტერესო სხვა ქალაქების ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად შეკრებილ ხალხს რიგს ეძახით, მაშინ აუცილებლად უნდა ნახოთ რა ხდება წლევანდელ WSOP-ის სარეგისტრაციო დარბაზში.
"რიოს" კაზინოს ბრაზილიურ ოთახში, სტუმრებს, რომაელი მებრძოლების ფორმაში გამოწყობილი მსახიობების გარემოცვაში მყოფმა WSOP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტაი სტუარტმა მიმართა: "რასაც ჩვენ ცხოვრებაში ვაკეთებთ, ის ისტორიაში სამუდამოდ რჩება!" მას შემდეგ, რაც ტაი სტუარტმა და ტურნირის მენეჯერმა, ჯეკ ეფელმა მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს, ერთ-ერთი "მერბძოლი" წინ გამოვიდა და ლეგენდარული სიტყვების "Shuffle up and deal"-ის ნაცვლად შეკრებილ საზოგადოებას ხუმრობით უთხრა: "Shuffle up and kill... I mean deal!" რაც ტურნირის ლაინ აფს ნამდვილად შეეფერებოდა.
ტურნირი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული, ყველაფერი თანმიმდევრულად, შესაშური სიზუსტით მიმდინარეობდა, რისთვისაც ორგანიზატორების უდიდესი დამსახურება უნდა აღინიშნოს. თუ დარბაზში გაივლიდით, მაგიდასთან დაჯდომის გარეშეც ადვილი გასაგები იყო ყოველი კუთხის მთავარი განხილვის თემა - წლევანდელი სერიების მონაწილეთა მთლიანი რაოდენობა, რომელზეც ყველას თავისებური შეხედულება ჰქონდა. დარბაზში, მოყვარულებთან ერთად, პროფესიონალების ნახვაც იყო შესაძლებელი. "მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი საკმაოდ შევსებულია, ნამდვილი სივიწროვე და ჭყლეტვა 2004 წელს იყო, ბინიონებთან" - თქვა გრეგ რეიმერმა, - "დღეს გაცილებით მეტი ადამიანი თამაშობს აქ, რადგან მათი უმეტესობა პირველად მოვიდა დიდი ტურნირის სათამაშოდ. ახალბედების ნახვა 2004-შიც იყო შესაძლებელი, მაგრამ მაშინ ამხელა ტურნირებს, უმეტესად პროფესინალები ეტანებოდნენ." გრეგ რეიმეი, პოკერის მოყვარულებში, დღემდე ერთ-ერთ პოპულარულ მსოფლიო ჩემპიონად რჩება. "ეს საკმაოდ უცნაური დღე უნდა გამოვიდეს" - თქვა რეიმერმა, მას შემდეგ რაც მის JJ რეიზს ორი მოთამაშის ოლ ინი მოჰყვა.
პოკერის მოყვარულებისთვის ასეთი ბაი ინის შეთავაზება წარმოუდგენლად დიდი გარანტირებული საპრიზო ფონდით, WSOP-ის ორგანიზატორების საუკეთესო იდეა იყო, რადგან პოკერი, თავის წესებთან, აზარტსა და ფულთან ერთად, სწორედ მოთამაშეების წყალობით იქმნება. გზა "კოლიზეუმამდე", ESPN-ის სატელევიზიო სცენამდე, საკმაოდ დაძაბული, რთული და სასტიკიც კი იქნება. რამდენიმეათასიანი ლაინ აფის პირობებში, 9 მოთამაშეში შესვლა, მართლაც რთული ამოცანაა. თუმცა ის ნამდვილად ვიცით, რომ ფინალური მაგიდის 9 მოთამაშეს, ბრძოლის შესაბამის პრიზიც ელოდება.





