იტალიაში პოკერის სატელევიზიო რეკლამები შეიზღუდება
იტალიის მთავრობა ამჟამად აქტიურად მსჯელობს კანონპროექტზე, რომელიც აზარტული თამაშების რეკლამაზე კონტროლის გამკაცრებას შეეხება. კონკრეტული კანონპროექტის თანახმად, ტელევიზიას ეკრძალება აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული რეკლამის შუაღამემდე ჩვენება. აღნიშნული კანონპროექტის მიღებამდე, მსგავსი ტიპის ერთადერთი სარეკლამო რეგულაცია არსებობს, რომლის თანახმადაც გადაცემის დროს, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია არასრულწლოვან მაყურებელზე, არ შეიძლება გაშვებულ იქნას რეკლამა, რომელიც რაიმე სახით დაკავშირებულია სათამაშო ბიზნესთან.
იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, პიერ პაოლო ბარეტას განცხადებით, არ იგეგმება სარეკლამო სივრციდან სათამაშო რეკლამების ამოღება, მაგრამ აქტიურად განიხილება მათი შეზღუდვა შუაღამის პერიოდამდე.
მსგავსი დაპირისპირება აზარტულ ბიზნესთან აქამდეც ყოფილა. ერთ-ერთი ლიდერი იტალიური პოლიტიკური პარტია უფრო შორს წავიდა და გამოხატა ინიციატივა, მსგავსი ტიპის რეკლამების სატელევიზიო სივრციდან საერთოდ გაქრობის შესახებ. ეს ყველაფერი კი იტალიურ სარეკლამო ინდუსტრიას €80.000.000 ევრო უჯდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ პოკერის რეკლამებს გლობალური აკრძალვა არ შეეხო, მთავრობა მაინც განიხილავს იდეას, რომლის მიხედვით უნდა შეიზღუდოს ასეთი ტიპის რეკლამების საეთერო დრო. მთავრობის აზრით, ეს იქნება მომავალი თაობის წინაშე პასუხისმგებელი საზოგადოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამასთანავე ეს იქნება ერთგვარი ლოიალური დამოკიდებულება ასეთი თამაშებით დაინტერესებული ადამიანებისა და სათამაშო ოპერატორების მიმართ, რადგან არ მოხდა მსგავსი ტიპის რეკლამების სრული აკრძალვა.
მოსალოდნელ რეგულაციებს საკმაოდ მძიმე რეაქცია მოჰყვა იტალიურ სათამაშო სივრცეში, რადგან მსგავსი შეზღუდვები გამოიწვევს სათამაშო ოპერატორების ხანგრძლივი პერიოდით მიღებული ლიცენზიის გაუფასურებას, რაც ინდუსტრიისთვის დიდი ზარალის და ზოგიერთ შემთხვევაში, გაკოტრების მომტანიც შეიძლება იყოს. მულტინაციონალური საადვოკატო კომპანიის DLA Piper-ის იტალიურ ფილიალში განმარტავენ, რომ მსგავსი ტიპის აკრძალვები შეიძლება უამრავი გაჭიანურებული სასამართლო პროცესის მიზეზი გახდეს, მთავრობასა და სათამაშო ოპერატორებს შორის. თუ ოპერატორს არ ექნება უფლება გააკეთოს თავისი პროდუქტის რეკლამა და შესათავაზოს ის ხალხს, მაშინ მის მიერ მოპოვებული ცხრაწლიანი ლიცენზია აზრს კარგავს, რაც მას ქვეყნის სათამაშო ბაზრის დატოვებას აიძულებს.