გი ლალიბერტემ Cirque Du Soleil-ის აქციების უკანასკნელი 10% გაყიდა
Cirque Du Soleil-ის დამფუძნებელმა და ლეგენდად ქცეულმა მოთამაშემ, კანადელმა გი ლალიბერტემ საკუთარი აქციების ბოლო 10% გაყიდა. მისი მფლობელი კვებეკში მდებარე საპენსიო ფონდი გახდა. ჯერჯერობით, უცნობია თუ რა ფასად გაიყიდა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და წარმატებული ცირკის აქტივები.
გი ლალიბერტე მონრეალელი ბიზნესმენია, რომელმაც საქმიანობა ქუჩაში საცირკო სანახაობებით დაიწყო. მოგვიანებით, მან Cirque Du Soleil დააფუძნა. ორგანიზაციამ, საერთაშორისო აღიარებასთან ერთად, არაერთი ჯილდო მოიპოვა. ლალიბერტეს საცირკო სანახაობამ იმდენად გაითქვა სახელი, რომ მას ქვეყნების პირველი პირები ესწრებოდნენ, მათ შორის, ბრიტანეთის სამეფო ოჯახი. რაც მთავარია, ლალიბერტე და მისი მეგობრები საცირკო ნომრებში ცხოველების გამოყენებისა და მათი წვრთნის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, რათა ცხოველები იმ წარმოუდგენლად მძიმე მოპყრობისგან დაეცვათ, რაც მათი საცირკო შოუებისთვის მოსამზადებლად იყო საჭირო.
მოგვიანებით, ლალიბერტე High Stakes Poker-ის მე-4 სეზონში გამოჩნდა, სადაც დოილ ბრანსონის, სემ ფარას, დენიელ ნეგრანუს და პატრიკ ანტონიუსის წინააღმდეგ ითამაშა. ის აქტიურად იყო ჩართული Full Tilt Poker-ის ონლაინ სესიებში. ვირტუალურ მაგიდასთან, ლალიბერტემ რამდენიმე მილიონი დოლარი დაკარგა.
პოკერის სამყაროში, გი ლალიბერტეს მთავარ მიღწევად One Drop-ის სატურნირო სერიის შექმნა ითვლება. ლალიბერტე ფილანტროპიით მანამდეც აქტიურად იყო დაკავებული. ამ ტურნირებით კი მან მსოფლიოს იმ რეგიონების დახმარება სცადა, რომლებიც სასმელი წყლის დეფიციტს განიცდიდნენ. პოკერის ისტორიაში პირველად, ლალიბერტეს მიერ შექმნილი Big One for One Drop-ის ტურნირის ბაი-ინმა $1.000.000 დოლარი შეადგინა. მისი პირველი სეზონის გამარჯვებული ანტონიო ესფანდიარი გახდა, რომელმაც $18.346.673 დოლარი მოიგო.