წარუმატებელი სესიების გამო, ფილ გალფონდმა ჰედს-აპ ჩელენჯი გადადო

უკვე მე-3 კვირაა, რაც ფილ გალფონდი რეპუტაციისა და ფულის შესანარჩუნებლად იბრძვის. პოტ-ლიმიტ ომაჰას სესიებზე, მისი ოპონენტი უცნობი მოთამაშე, VeniVidi1993-ია, რომელმაც პოკერის ვეტერანს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. 

14 სესიის შემდეგ, რაც 9.000 დარიგებას ითვლიდა, გალფონდი €800.000 ევროს მინუსში იყო. მისთვის ნებისმიერი მოგება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამით გალფონდი ფინანსურ ზარალსაც შეიმცირებდა და თამაშის გაგრძელების იმედიც ექნებოდა. უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, გალფონდმა მხოლოდ ერთი მომგებიანი სესიის ჩატარება მოახერხა. მე-15 სესიის ბოლოს, 9.927 დარიგების შემდეგ, გალფონდის მინუსმა €900.000 ევროს გადააჭარბა. მოწინააღმდეგეებს 25.000 დარიგების თამაში ჰქონდათ დაგეგმილი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ გალფონდის დაუნსვინგი გაგრძელდა, ის დაახლოებით €2.5 მილიონ ევროს დაკარგავს. ეს კი დამატებითი სანაძლეო თანხის დაკარგვასაც ნიშნავს. 

გუშინდელი სესია, რომელსაც ბევრი გულშემატკივარი ელოდებოდა, მოულოდნელად გადაიდო. "ნებისმიერ მოთამაშეს უდგება პერიოდი, როცა უნდა გაიაზროს, რომ იღბალი მის მხარეს არაა და თამაში ცვლილებას საჭიროებს, - წერს გალფონდი ვრცელ პოსტში, - ჩემი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ურთულეს პერიოდს საკმაოდ კარგად გავართვი თავი. არაერთი წამგებიანი სესიის შემდეგ, ტილტიც ვიგრძენი, რამაც ჩემი თამაში მნიშვნელოვნად დაასუსტა. მიუხედავად ამისა, ცივი გონებით ფიქრი და ჩემი საუკეთესო თამაშის ჩვენება შევძელი." 

როგორც გალფონდი ამბობს, მისი თამაში A არ იყო, მაგრამ B დონე მაინც გამოუვიდა, რაც დაუნსვინგთან დაკავშირებული სტრესით იყო გამოწვეული: "თამაშის მეშინოდა. გამუდმებით წაგებას ველოდებოდი. ხანგრძლივი დაუნსვინგის მთავარი პრობლემა არა ფულის დაკარგვა, არამედ იმედის დაკარგვაა. არ მგონია, რომ ასეთი მძიმე ფიქრების შემდეგ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მექნება. სავარაუდოდ, მე B დონის თამაშის ჩვენებასაც ვერ შევძლებ. ცხადია, რომ ჩემი C თამაში VeniVidi1993-ის A თამაშს წინ ვერ დაუდგება. B და A კი ამ პერიოდისთვის, ჩემი ასეთი მიდგომით, ფაქტიურად, შეუძლებელია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, რომ თამაში ცოტა ხნით შემეწყვიტა და ეს დრო გამოსაფხიზლებლად გამომეყენებინა. დაპირებისამებრ, მე მზად ვარ ყოველი გაცდენილი დღისთვის, ჩემს მოწინააღმდეგეს €3.000 ევრო გადავუხადო. დასვენების შემდეგ, მოვიფიქრებ, შევძლებ თუ არა თამაშის კვლავ გაგრძელებას? დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი თამაშის ყურება ბევრი გულშემატკივრისთვის საკმაოდ რთული იყო. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩემს თამაშებს უყურებდა."

გალფონდის თქმით, მან რამდენიმეკვირიანი პაუზა აიღო. ამ დროში, ის ეცდება მოიფიქროს, შეძლებს თუ არა თამაშის გაგრძელებას 1-ლი მარტისთვის. 

რუმები

ქართული უცხოური