ავსტრალიური კრიკეტის ლეგენდა ხანძრით დაზარალებულებს $700.000 დოლარით დაეხმარება

უკვე მესამე დღეა, რაც მელბურნში 2020 წლის Aussie Millions მიმდინარეობს. Aussie Millions ავსტრალიური პოკერის სატურნირო სერიაა, რომელიც 1998 წლიდან იმართება. რამდენადაც ფესტივალზე პოკერის დიდი ვარსკვლავები იყრიან თავს, ის მუდამ მსოფლიო ყურადღების ცენტრში ექცევა. Aussie Millions განსაკუთრებით ახლა აკვირდებიან, როცა მთელი ქვეყანა ტყის მასიურ ხანძარს ებრძვის. 

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, პოკერის მოთამაშეები აქტიურად ცდილობენ მეხანძრეთა და დაზარალებულთა ფინანსურ დახმარებას. საქველმოქმედო საქმიანობაში ავსტრალიური კრიკეტის ლეგენდა, შეინ ვორნიც ჩაერთო, რომელიც Aussie Millions-ის რეგულარული მონაწილეა. ის მე-20 საუკუნის საუკეთესო კრიკეტის მოთამაშედ ითვლება. უნდა ითქვას, რომ კრიკეტი ავსტრალიაში იგივე პოპულარობით სარგებლობს, როგორითაც ფეხბურთი ბრაზილიაში. 

როგორც ვორნი ამბობს, მისი ქველმოქმედებაში ჩართვა შვილების თხოვნამ განაპირობა: "ბავშვებმა მითხრეს, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა. 500 მილიონ ცხოველზე მეტია დაღუპული. უამრავმა ოჯახმა დაკარგა სახლი. ვგრძნობდი, რომ მათ დახმარება სწორედ ახლა ესაჭიროებოდათ."

შეინ ვორნმა საქველმოქმედო მიზნებისთვის თავისი 'baggy green' გაყიდა, რაც ავსტრალიური კრიკეტის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. ეს მწვანე კეპია, რომელსაც მოთამაშეები პირველი სესიის განმავლობაში ატარებენ. აუქციონზე, კეპისთვის, A$1.007.500 ავსტრალიური დოლარი შეგროვდა, რაც დაახლოებით $700.000 აშშ დოლარის ექვივალენტია. მიუხედავად იმისა, რომ შეინ ვორნი თავის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჯილდოს გამოემშვიდობა, ის თავის გადაწყვეტილებაზე არ დარდობს და ამბობს, რომ ფული სწორ და საჭირო მიზანს ხმარდება. კეპი ავსტრალიის მასშტაბით იმოგზაურებს და ბოლოს კრიკეტის საერთაშორისო დიდების დარბაზის მუზეუმს გადაეცემა. 

რუმები

ქართული უცხოური