WSOPE Rozvadov-ს უკვე 2 გამარჯვებული ჰყავს
კვირას, ჩეხეთში, WSOPE-ის სეზონი დაიწყო. პოკერის ევროპული სერია, რომელიც, ტრადიციულად, როზვადოვში მდებარე King's Casino-ში იმართება, მოთამაშეებს 15 ოქროს სამაჯურს და გარანტირებულ €22.000.000 ევროს სთავაზობს.
რამდენიმედღიანი თამაშის შემდეგ, International Circuit Main Event-ის გამარჯვებული გამოვლინდა. პირველ ადგილს ყველა მარტინ კაბრელს უწინასწარმეტყველებდა, რომელმაც წინა სერიების იგივე ტურნირი მოიგო, მაგრამ ტურნირის გამარჯვებული იაკუბ ოლივა გახდა, რომელმაც €205.000 ევროსთან ერთად, WSOPE Main Event-ის €10.350 ევროიანი საგზურიც მოიგო. კაბრელის მსგავსად, ოლივაც ჩეხი მოთამაშეა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ International Circuit Main Event-ის ოქროს ბეჭედი, მინიმუმ 6 თვით, კვლავაც ჩეხეთში დარჩება.
6 თვის წინ, როცა ტურნირის გამარჯვებული მარტინ კაბრელი გახდა, იაკუბ ოლივამ მე-3 ადგილი დაიკავა. მაშინდელი წარმატებისთვის, ჩეხმა მოთამაშემ €90.350 ევრო მიიღო. უკანასკნელი მოგებით კი, ოლივამ, თავის სატურნირო კარიერაში, ნახევარმილიონიან ზღვარს გადააბიჯა.
მიმდინარე სერიის პირველი ოქროს სამაჯური კი უკრაინელმა რენატ ბოგდანოვმა მიიღო, რომელმაც €350 ევროიანი ტურნირი მოიგო, €53.654 ევროთი პირველი ადგილისთვის.