კაზინო Rio $516.3 მილიონად გაიყიდა
შეთანხმება გუშინ, 23 სექტემბერს გაფორმდა: Caesars Entertaiment-ის მფლობელობაში მყოფი Rio All-Suite Hotel & Casino $516.3 მილიონ დოლარად ნიუ იორკში მდებარე კორპორაციამ - Imperial Companies-მა იყიდა.
"ახალი გარიგება ჩვენს გუნდს საშუალებას მისცემს მეტი ყურადღება დავუთმოთ ჩვენს მფლობელობაში დარჩენილ კაზინოებისა და სასტუმროების ქსელებს" - ამბობს Caesars Entertaiment-ის აღმასრულებელი დირექტორი, ტონი როდიო.
მიუხედავად იმისა, რომ Rio-ს უკვე ახალი მფლობელი ჰყავს, კაზინოს 2 წლის განმავლობაში კვლავაც Caesars Entertaiment გააკონტროლებს. შესაბამისად, 2 წლის განმავლობაში WSOP-ის მასპინძელიც უცვლელი დარჩება.
"Rio-სთან დაკავშირებული კონტრაქტის პირობები წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს, - ამბობს WSOP-ის ვიცე პრეზიდენტი, სეთ პალანსკი, - რამდენადაც WSOP-ის მასპინძლობაზე გრძელვადიანი კონტრაქტის მფლობელი Caesars Entertaiment-ია, ჯერჯერობით, არ ვიცით, სად ჩატარდება შემდეგი წლების პოკერის მსოფლიო სერიები. დანამდვილებით ვიცით, რომ შემდეგი 2 წლის განმავლობაში, ჩვენ კვლავ Rio-ში ვიქნებით."
Rio 1990 წელს გაიხსნა, Caesars Palace-ის დასავლეთით. 1998 წელს, შენობა $880 მილიონ დოლარად გაიყიდა. მისი მფლობელი Harrah's Entertaiment გახდა. ამჟამად, Rio 2.522 საცხოვრებელ ნომერს აერთიანებს. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ის WSOP-ის უცვლელი მასპინძელია.