გავხდეთ თუ არა პროფესიონალი მოთამაშე? - დაგ პოლკი ჯეიმი სტეპლსის წინააღმდეგ

თუ ცნობილი მოთამაშეები განსხვავებულ აზრზე არიან, თანაც, თუ მათ ინტერნეტთან წვდომა აქვთ, როგორც წესი, ისინი ერთმანეთის დისტანციურ ლანძღვას იწყებენ და მოსისხლე მტრები ხდებიან. დაგ პოლკმა და ჯეიმი სტეპლსმა ყველაფერი ცივილიზებული მეთოდებით გადაწყვიტეს. 

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჯეიმი სტეპლსმა 'ტვიტერზე' პოსტი გამოაქვეყნა,  რომლის მიხედვითაც, პოკერის მოყვარულს რეალური სამსახურის მიტოვების და პოკერის პროფესიონალური კარიერის დაწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო, თუ ის თამაშით წლიურ $100.000 დოლარს შოულობდა. 

"მიდგომა, რომ 'ან ყველაფერი, ან არაფერი' ადამიანებისთვის არ მუშაობს, - ამბობს სტეპლსი, - არაფერია ცუდი იმაში, თუ საკუთარ ძალებს სხვადასხვა სფეროში მოსინჯავთ. პროფესიების შეცვლა არც დანაშაულია და არც სირცხვილი. თუ პოკერით ცხოვრება არ გამოგდით, სჯობს სხვა საქმე სცადოთ."

სტეპლსს საკუთარი მაგალითი მოჰყავს: "პოკერით ცხოვრება ადვილი არ არის. მე ეს ყველაფერი დივერსიფიკაციით შევძელი. ვცდილობდი, პოკერის სფეროში გასართობი კონტენტი შემექმნა, რაც დამატებით შემოსავალს მაძლევდა და თან, პარალელურად, მეთამაშა. ჩემი ბანკროლი სათამაშო მაგიდებთან ოპონენტების საფულეების განადგურებით არ შემიქმნია."

სტეპლსის მიერ დასახელებული თანხით უკმაყოფილო დაგ პოლკი დარჩა. მოთამაშეებმა ვიდეო-ქოლის საშუალებით სიტუაციაში გარკვევა სცადეს და პოკერის პუბლიკას ერთგვარი პოდკასტი შესთავაზეს, რომელიც შემდეგ 'იუთუბზე' აიტვირთა. 

პირველ რიგში, მოთამაშეების დისკუსია იმაზე გაიმართა, თუ რამდენი ადამიანი გამოიმუშავებდა წელიწადში ექვსნიშნა თანხას? დაგ პოლკის ვარაუდი გაცილებით მაღალი, ჯეიმი სტეპლსისა კი გაცილებით დაბალი აღმოჩნდა: რეალურად, Quora-ის 2018 წლის მონაცემით, $100.000 დოლარზე მეტს მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 5% გამოიმუშავებს.

პოლკის აზრით, $100.000 დოლარი არ ღირდა იმად, რომ მოყვარულ მოთამაშეს რეალური სამუშაო მიეტოვებინა და მთლიანად პოკერზე გადართულიყო: "ჩემი მოსაზრება, უმეტესწილად, აშშ-ზე და იმ ქვეყნებზე ვრცელდება, სადაც ხალხს მაღალი შემოსავალი აქვს. იმავდროულად, ასეთ ქვეყნებში პოკერის მოყვარულებს ლაივ თამაშებზე წვდომაც აქვთ, რამაც პოკერი კიდევ უფრო შემოსავლიან საქმედ უნდა აქციოს. გარდა ამისა, ზოგიერთ ქვეყანაში, პოკერიდან მიღებული შემოსავლისთვის მოქალაქეები გადასახადებს საერთოდ არ იხდიან."

რატომაა $100.000 დოლარი პოლკისთვის ცოტა? როგორც მან ახსნა, $100.000 დოლარიანი წლიური შემოსავლით, გადასახადების გადახდის შემდეგ, ადამიანს თვეში $4.000-$5.000 დოლარი რჩება. ასეთი თვიური შემოსავალი უნდა გადანაწილდეს ბინის გადასახადზე, საკვებზე, დაზღვევაზე, საპენსიო დანაზოგზე, მოგზურობაზე, გაუთვალისწინებელ ხარჯებზე და ა.შ. "პოკერის სამსახურად ქცევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია მისაღები, თუ საკუთარი თავის უზრუნველყოფა შეგიძლია, - ამბობს პოლკი, - $100.000 დოლარი მინიმალური თანხაა, რაც პოკერში წარმატების მიღწევას არ ნიშნავს."

დაგ პოლკს პრობლემა არამხოლოდ $100.000 დოლართან, არამედ პოკერის კარიერად ქცევასთან აქვს. მისი აზრით, ადამიანების უმეტესობამ უარი უნდა თქვას პროფესიონალი მოთამაშის კარიერაზე და პოკერი მხოლოდ გასართობ მოვლენად დაინახოს. პოლკი განსაკუთრებით საშიშ მოვლენად აღიქვამს რეალური სამსახურიდან წამოსვლის და პოკერში 'გადავარდნის' პერსპექტივასაც: "პოკერის ეკოსისტემა არასტაბილურია. არანაირი გარანტია არ გაქვს, რომ წელს თუ კარგად თამაშობ, მომავალიც ასეთი გექნება, რადგან პირველ რიგში, თამაშთან დაკავშირებული რეგულაციები ხშირად იცვლება, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, მოთამაშეები ვითარდებიან. ხვალ, შესაძლოა, საერთოდ ვერაფერი მოიგო. ამ დროს კი შენს რეზიუმეში დიდი სიცარიელე ჩნდება. დამსაქმებელი ხედავს, რომ რამდენიმე წელი არაფერს აკეთებდი. შესაბამისად, პოკერზე სრულად გადართვის შემთხვევაში, ძალიან დიდ რისკს იღებ."

ორივე მოთამაშე თანხმდება, რომ თუ ადამიანი ახალგაზრდაა და შეუძლია დაწყებული თამაში ადვილად მიატოვოს და სხვა სფეროზე გადაერთოს, თუ მას მშობლები უმაგრებენ ზურგს და თან ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, რომელიც არაერთ უფასო სოციალურ პროგრამას სთავაზობს, პოკერის პროფესიად ქცევა, ან ასეთის მცდელობა, გამართლებულია და რისკებს ფაქტიურად არ შეიცავს. 

რუმები

ქართული უცხოური