პროფესიონალი დილერი ნიუ იორკის არალეგალურ თამაშებზე ალაპარაკდა
მაისის დასაწყისში, სოციალურ პლატფორმა Reddit-ზე პოკერის დილერი და ყოფილი მოთამაშე, ვინმე ჯულიუსი გამოჩნდა. სახელი, რა თქმა უნდა, გამოგონილია - ის საგულდაგულოდ მალავს თავის ვინაობას, რადგან ის ნიუ იორკში გამართულ პოკერის არალეგალურ თამაშებზე გვიყვება. პოკერის მოყვარულებისგან გადაცემას არნახულად პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა - ხალხი დილერისგან მეტ ისტორიას ითხოვს.
"პირველ პოსტს როცა ვაქვეყნებდი, ძალიან ვნერვიულობდი, - ყვება ჯულიუსი, - არ ვიცოდი, რა რეაქცია მოჰყვებოდა ჩემს ისტორიას პუბლიკისგან. Reddit-ის პოკერის ქვეგანყოფილებას ვათვალიერებდი და, ჩემდა გასაკვირად, არალეგალურ თამაშებზე ვერაფერი ვიპოვე. ვიფიქრე, რომ ჩემი ამბავი საინტერესო უნდა ყოფილიყო."
ჯულიუსი, ამ მომენტისთვის, ლას ვეგასში ცხოვრობს - აზარტული სამყაროს დედაქალაქში. ნიუ იორკიდან წამოსვლის შემდეგ, მისი აზრით, იმდენად მოშორდა ქალაქს, რომ ასეთი ისტორიების გახსენების გამო, მას რაიმე ზიანი აღარ მიადგება. "ვეგასში რამდენიმე პოკერ-რუმში ვმუშაობ. უმეტესად, ადამიანები მეკითხებიან, თუ საიდან ვარ? როცა ნიუ იორკს ვპასუხობ, ყველა მეკითხება, მიმიღია თუ არა მონაწილეობა ანდერგრაუნდ თამაშებში? მაშინ ვეუბნები, რომ არათუ მითამაშია, არამედ მსგავს თამაშებში დილერიც კი ვიყავი. მაშინვე, მსმენელებს უფრო მეტის გაგება სურთ."
სწორედ თანამოსაუბრეების დაჟინებულმა თხოვნამ გადააწყვეტინა ჯულიუსს სახალხოდ მოეყოლა ნიუ იორკის ამბები: "არ ვიცი, რამდენად გამომდის წერა, რადგან ამ მხრივ განათლება არასდროს მიმიღია, მაგრამ ვფიქრობ, რომ საკუთარ აზრის მხატვრულად გადმოცემის კარგი უნარი მაქვს."
ამ მომენტამდე, იდუმალმა დილერმა საკუთარ ისტორიას 8 სრული თავი მიუძღვნა. როგორც თავად ყვება, კალიფორნიაში დაიბადა, მაგრამ მოგვიანებით აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე გადაინაცვლა. სანამ პროგრამირებას ეუფლებოდა, პარალელურად, არალეგალურ თამაშებში ჩაერთო, რადგან აქ კარგ ფულს იხდიდნენ: "ერთ-ერთ კომპანიაში მშვენიერი სამსახური მქონდა. მაგრამ შაბათ-კვირაობით კარტს მაინც ვარიგებდი, რადგან კარგად მიხდიდნენ. მივხვდი, რომ ეს საქმე გაცილებით მეტად მომწონდა, რადგან სათამაშო ინდუსტრიას და იმ გარემოს დიდი სიხარული მოჰქონდა ჩემთვის."
ჯულიუსის მიერ აღწერილი გარემო ლეგენდარული ფილმის - Rounders-ის სცენარს მოგაგონებთ. შესაძლოა, ფილმის პროდიუსერები სწორედ მსგავს ადგილებში დაიდოდნენ, რათა მათი პროდუქტისთვის მაქსიმალურად რეალური სახე მიეცათ. აი როგორ მოხვდა პირველად ჯულიუსი ნიუ იორკის არალეგალურ თამაშზე: "როცა ზარს დარეკავდი, გკითხავდნენ ვინ იყავი და ვინ მიგიწვია თამაშზე? პასუხის გაცემის შემდეგ, პირველი რკინის კარი იღებოდა და შემდეგ დაკვირვებას გადიოდი. როცა საბოლოოდ დარბაზში შეაღწევდი, აღმოაჩენდი, რომ დაწესებულებას ყველაფერი ჰქონდა: სამზარეულო, ლაუნჯისთვის განკუთვნილი ფართი, ფართოეკრანიანი ტელევიზორები, მოსაწევი ოთახი, მიმტანები, ბარი... პირველი, რაც თვალში მოგხვდებოდა, პოკერის 6 მაგიდა იყო - საოცრად კომფორტული სკამებით, მაგრამ არა ისეთით, როგორითაც VIP რუმი იყო აღჭურვილი. იქ მოხვედრა განსაკუთრებული მოვლენა იყო. დარბაზში, კამერდინერი ან გიდი მანქანის გასაღებს გთხოვდათ, რათა თქვენი მანქანა პარკინკზე გადაეყვანა. თამაშები $1/$2 ლიმიტან იწყებოდა და $5/$10-ზე ადიოდა. რა თქმა უნდა, უფრო დიდ თანხებზეც თამაშობდნენ. რაც უფრო მაღალი იყო ლიმიტი, მით უფრო პრივატული იყო თამაში. $1.000 დოლარიანი შეკვრით, $1/$3-იანი მაგიდა ვიკითხე. საწყისი ბაი-ინი $500 დოლარს შეადგენდა, მაგრამ მოთამაშეებს მაგიდაზე გაცილებით დიდი სტეკები ჰქონდათ მოგროვილი. ეს ჩემი პირველი თამაში იყო. საშინლად ვნერვიულობდი."