"პოკერი არც არასდროს მყვარებია" - ინტერვიუ ტომ დუანთან
ტომ დუანი თანამედროვე პოკერის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახეა. პოკერის მოთამაშეები და გულშემატკივრები არამხოლოდ მისი თამაშის სტილით, არამედ მისი პერსონითაც ინტერესდებიან. Black Friday-ის მოვლენების შემდეგ, დუანი თვალთახედვიდან, თითქოს, გაქრა. წლების შემდეგ, მას აზიურ ქეშ-გეიმებზე მოკრეს თვალი. ბოლო დროს კი, ის ხშირად ჩნდება ძვირადღირებულ ტურნირებზე. ამჟამად, დუანი Triton High Roller Series-ზე თამაშობს, როგორც თავად ამბობს - წარუმატებლად, მაგრამ გულშემატკივრებისთვის სასიხარულოდ, მასთან პოლ ფუას იუთუბის არხის ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩაწერა.
ინტერვიუ პოკერის ახალი ტენდენციითა და თამაშის ცვლილებით იწყება: "დასტიდან 2,3,4 და 5 ამოიღეს. რა თქმა უნდა, თამაში შეიცვალა! - ყვება დუანი, - იგივე პოკერს ვეღარ ითამაშებ. 10 წლის წინ ონლაინ ვთამაშობდი. მაშინ განსხვავებული სიტუაცია იყო: უმეტესად, ერთი და იგივე ადამიანებთან მიწევდა დაპირისპირება. ახლა, ტურნირებზე მუდამ განსხვავებულ სახეებს ვხედავ."
როგორც დუანი ამბობს, თამაშთან ერთად, ბოლო 10 წლის მანძილზე, თავადაც შეიცვალა: "ვფიქრობ, ბევრი რამ უცვლელი დარჩა, მაგრამ რა თქმა უნდა, მეც შევიცვალე. გავიზარდე. იმედი მაქვს, დავჭვკიანდი. ამასწინათ კოჭი ვიტკინე. 10 წლის წინ ამაზე არც ვიდარდებდი, ახლა კი მაწუხებს."
მისი საყვარელი ადგილები, სადაც საუკეთესო თამაშები იმართება, ამჟამად, მალდივის კუნძულები, მონტენეგრო და ლონდონია.
- წაგებისა და მოგების დროს მეტ-ნაკლებად მშვიდი ადამიანი ჩანხარ. მაგრამ, რეალურად, რამდენად მტკივნეულია მოგება, ან რამხელა სიხარული მოაქვს მოგებას?
- რა თქმა უნდა, მოგება ბევრად სასიამოვნო განცდაა. ვცდილობ, მარტივად შევხედო ამას. ხან იგებ, ხან ვერა...
ერთ-ერთ მომენტში, ჟურნალისტმა დუანის უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდებაც მოახერხა:
- პოკერის სამყარო შენი ყოველი მოქმედებით განსაკუთრებულადაა დაინტერესებული. ფაქტიურად, ისინი შეპყრობილები არიან შენით. ეს უცნაურად არ გეჩვენება?
- მე წარმოდგენა არ მქონდა, რომ პოკერის სამყარო შეპყრობილი იყო ჩემით.
- შენ 'გუგლის' საძიებო სისტემაში ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშე ხარ...
- არ ვიცოდი. წარმოდგენა არ მაქვს... უბრალოდ, არ ვიცი...
- დროში უკან რომ დაბრუნებულიყავი, რა რჩევას მისცემდი საკუთარ თავს?
- ალბათ, ვეტყოდი: ისწავლე ჩინური! ახალგაზრდობისას უნდა მექნა, რადგან ახლა როგორც არ უნდა ვცადო, უბრალოდ, რა გამომდის უცხო ენები. მაქსიმუმი, რაც შეიძლება გავაკეთო, ვინმეს თუ ვკითხავ, როგორ გამოთქვამენ რომელიმე სიტყვას, მეტი არაფერი.
- ყველაზე დიდი დრო, რაც თამაშის გარეშე გაგიტარებია?
- ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ რამდენიმე თვე, ალბათ, როცა მძიმე პერიოდი მედგა. ვერ ვიტყვი, რომ თამაში ოდესმე მიყვარდა. თუ დიდ შესვენებას ავიღებ და შემდეგ ვითამაშებ, ვგრძნობ, რომ მსიამოვნებს. ეს არის და ეს.
ინტერვიუს სრული ვერსია ქვემოთ მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ: