Poker Masters-ის ჩემპიონმა, ალი იმსიროვიჩმა US Poker Open-ის $25.000-იანი ივენთი მოიგო
გასული წლის სექტემბერში, 24 წლის ალი იმსიროვიჩმა Poker Masters 2018-ზე ზედიზედ ორი ტურნირის მოგება მოახერხა, რაც საშემოდგომო სერიების ჩემპიონის ტიტულისა და პრესტიჟული Purple Jacket-ის მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა. ორთვიანი შესვენების შემდეგ, ამერიკელი მოთამაშე ტურნირებს დაუბრუნდა და PokerGo-ს სტუდიას ესტუმრა.
ამჯერად, US Poker Open-ის $25.000 დოლარიან ტურნირზე, იმსიროვიჩმა 59 მონაწილიანი ლაინ-აფი დაამარცხა და კარიერაში სიდიდით მე-4 ანაზღაურება, $442.500 დოლარი მიიღო.
ფინალური მაგიდა იმსიროვიჩმა ჩიპლიდით დაიწყო. მას სულ რაღაც 2 საათი დასჭირდა, რათა ყველაფერი დაესრულებინა. აქტიურობა ნიკ პეტრანგელომ დაიწყო, რომელმაც შორტ სტეკი ჯო კაპელო გაისტუმრა სახლში. კრისტენ ბიკნელისა და დენ შაკის 'კოინ ფლიპი' ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. რამდენიმე დარიგების შემდეგ, პეტრანგელომ ჯიბის JJ-ით იმსიროვიჩის AA-ის წინააღმდეგ უშედეგოდ გაილაშქრა და თამაშს მე-4 პოზიციიდან გამოეთიშა. პეტრანგელოს გაგდების შემდეგ, იმსიროვიჩი დენ შაკს დაუპირისპირდა, რომელსაც წყვილი და დომინაციაში მყოფი ფლეშ დრო ჰყავდა. იმსიროვიჩის ტრიპსი და მაღალი ფლეშ დრო უკეთესი ხელი გამოდგა, რაც იმას ნიშნავდა, რომ Poker Masters-ის ჩემპიონი კერი კატზსის წინააღმდეგ ჰედს-აპს 10:1 ჩიპლიდით დაიწყებდა.
სტეკის სიმცირე კატზს დიდ გასაქანს არ აძლევდა, ამიტომაც ფლოპზე მიღებული საფლეშეს შემდეგ, მან ოლ ინი გააკეთა. თერნზე კატზი დაბალი წყვილითაც გაძლიერდა, რაც დამატებით აუტებს იძლეოდა, მაგრამ იმსიროვიჩის საშუალო წყვილმა ბოლომდე მოახერხა უპირატესობის შენარჩუნება.
US Poker Open-ის ლიდერბორდში შონ ვინთერი ლიდერობს, 440 ქულით. მას ფეხდაფეხ მისდევს სტივენ ჩედვიკი, რომელსაც 340 ქულა აქვს, მაგრამ ამ წუთებშიც, ომაჰას ტურნირზე ჩიპლიდერის სტატუსს ფლობს, რაც მას დაწინაურების კარგ შანსს აძლევს. მართალია, მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი ტურნირის ანაზღაურებაა, მაგრამ ალი იმსიროვიჩი მე-4 პოზიციაზე მოხვდა და ისეთ მოთამაშეებს გაასწრო, როგორებიც მანიგ ლუსერი, კორაი ალდემირი და დევიდ პიტერსი არიან. შეგახსენებთ, რომ სერიების საუკეთესო მოთამაშეს $100.000 დოლარი გადაეცემა.