გევინ სმიტის გარდაცვალების მიზეზი სისხლის დაავადება შეიძლება ყოფილიყო
გევინ სმიტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უამრავი აზრი გაჩნდა. მისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, პოკერის გულშემატკივრები ხშირად ნარკოტიკებსა და ალკოჰოლზე მიუთითებენ. მისი მეზობელი და დიდი ხნის მეგობარი, ჯონათან ფერარი კი ალტერნატიულ ვერსიას გვთავაზობს.
"ვცდილობ, ყველაფერს ფარდა ავხადო, - ყვება PokerNews-თან საუბარში ფერარი, - ვიცი, რომ გევინის გარშემო უამრავი სპეკულაცია იქნება, ამიტომაც მინდა, ყველა ეჭვი გავფანტო. გევინი ხშირად ამბობდა, რომ მამამისი მის ასაკში, ჰემოფილიით გარდაიცვალა. როცა სამომავლო გეგმებზე ლაპარაკობდა, ყოველთვის დაამატებდა წინადადებას 'თუ იმ დროისთვის ცოცხალი ვიქნები."
როგორც ფერარი ყვება, გევინ სმიტის გარდაცვალება მემკვიდრეობით დაავადებასთან იყო დაკავშირებული. ჰემოფილია სისხლის დაავადებაა, რაც ორგანიზმის მიერ სისხლის გასქელების უნარის დაკარგვას გულისხმობს. ასეთ დროს, მარტივმა სისხლდენამ შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს.
"8 იანვარს, როცა ქალაქში დავბრუნდი, არაჩვეულებრივ ფორმაში იყო: ნამდვილი გევინ სმიტი - მხიარული, სასაცილო, სიცოცხლით სავსე. რამდენიმე დღის შემდეგ, მან თითი გაიჭრა. სისხლდენას ვერ იჩერებდა. შემდეგ ადგილობრივ კაზინოში პოკერის სათამაშოდ წავიდა. როცა სახლში დაბრუნდა, თავს შეუძლოდ გრძნობდა. მეორე დღეს გევინი ძალიან ცუდად იყო. მისი ბავშვები სკოლაში მე წავიყვანე."
როგორც ფერარი ყვება, მან რამდენჯერმე თხოვა გევინ სმიტს, საავადმყოფოში გადასულიყო, ან სასწრაფო დახმარება გამოეძახებინა, მაგრამ მოთამაშე უარზე იყო. "ვიცი, რომ ადამიანები უამრავ რამეს იტყვიან, გევინის წარსული ცხოვრების გამო. მე მის გვერდით 24 საათის განმავლობაში ვიყავი. ზოგჯერ, დალევდა კიდეც, მაგრამ მის სახლში რაიმე სხვა საეჭვო ნივთიერება არასდროს მინახავს. ყველაფერი სისხლთან დაკავშირებული პრობლემის გამო მოხდა."